სულ რაღაც 3-4 წელიწადში გლობალური ვალი მშპ-ს 100%-ს გადააჭარბებს - ფინანსური კოლაფსი უკვე გარდაუვალი ხდება
ირმა ჩიტაია
13.10.2025

მსოფლიო ვალი მატულობს. მოსალოდნელია, რომ იგი მშპ 100%-ს გადააჭარბებს, რამაც შეიძლება დიდი კოლაფსი გამოიწვიოს. რაც უფრო გადაიწევს ვალებზე ჩამოკიდებული ეკონომიკის დრო და რაც უფრო მოგვიანებით დადგება მისი უზრუნველყოფის საკითხი, მით უარესი იქნება რიგი ქვეყნებისთვის. ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელია ვალებზე აგებული ეკონომიკის სპეციფიკა შეიცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესს შეიძლება მსოფლიო ფინანსური სისტემის ჩამოშლა მოჰყვეს. რასაც დომინოს პრინციპი ექნება. 

შემაშფოთებელ საკითხზე  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ ვაშინგტონში, მილკენის ინსტიტუტში გამოსვლისას ისაუბრა. მან მოუწოდა ქვეყნებს, კერძო სექტორის პროდუქტიულობის გაზრდით, ხარჯების კონსოლიდაციით, ვალების შემცირებით და მიმდინარე ანგარიშის ჭარბი დისბალანსის საკითხის გადაჭრით, დაიწყონ საკითხების მოგვარება, რაც მათ შემდეგი კრიზისისთვის ბუფერების აღდგენაში დაეხმარება. ამ ეტაპისთვის, სავალუტო ფონდის მოლოდინია, რომ 2029 წლისთვის გლობალური სახელმწიფო ვალი, სავარაუდოდ, მშპ-ს 100%-ს გადააჭარბებს.

ეკონომიკის ექსპერტი სოსო სიმონიშვილის განცხადებით, დღეს მსოფლიოში ორგვარი ეკონომიკა არსებობს, რეალური და ფინანსური. პირველი მათგანი ფინანსურმა უკანა პლანზე გადაწია და პრობლემებსაც სათავე სწორედ აქედან დაედო.

,,დღეს მსოფლიოში ორნაირი ეკონომიკაა - რეალურ და ფინანსური. პირველი საქონელზე და მის წარმოებაზეა ორიენტირებული, რომელიც ადამიანს რეალურად სჭირდება. მეორე არის ფინანსური სექტორები. ამ უკანასკნელის ფორმულირებაა მხოლოდ ფული, ფული და ფული, რაც  მცდარი მიდგომაა. სწორი ფორმულაა ფული, საქონელი და ფული; ანუ ფული გჭირდება იმისათვის, რომ საწარმოო საშუალებები შექმნა, გააფართოვო. რაც არის რეალური სექტორი. თუ ვინმე რამეს აწარმოებს ეს კარგია და მისაღებია. მაგრამ რას აწარმოებს ბანკი? მხოლოდ ფული ტრიალებს, ასეა დაზღვევაც და ა.შ. 

დღეს ისეთ სექტორში, რომელიც საქონელს არ აწარმოებს ბიზნესის მოგების ნორმა გაიზარდა და იმაზე მეტი გახდა, ვიდრე რეალური სექტორისა. ფაქტია, ამ არარეალურ სექტორში მეტი ფული იშოვება და მოგებაც მეტია. მეტი ფული არარეალური სექტორისკენ მიდის და ეს იწვევს ინფლაციას, დევალვაციას და ა.შ. ამას პარაზიტ სექტორს ვეძახი. 

აღნიშნული გამოწვევები გაჩნდა და გაძლიერდა მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ უარი თქვა "ოქროს ფულზე". ეს უკანასკნელი არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ფულის მასა გაფართოებულიყო. სამწუხაროდ, დღეს პირიქითაა, მასა უაზროდ გაფართოვდა და შედეგად მივიღეთ ის, რომ ფული მუდმივად უფასურდება, მიდის განუწყვეტელი ინფლაცია. ხარჯები რომ დააბალანსონ იძულებული ხდებიან წავიდნენ ბანკებში და ისესხონ. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სახელმწიფო ვალებზე როდესაცაა საუბარი, ძირითადი მოვალე არის ამერიკის შეერთებული შტატებია. მას წარმოუდგენელი, უზარმაზარი ვალი აქვს თავისივე სარეზერვო სისტემის", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" სოსო სიმონიშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფოს, რამდენი ვალიც არ უნდა ჰქონდეს, ის არასოდეს არ გაკოტრდება. თეორიულადაც კი არ შეიძლება ეს მოხდეს, რადგან მას აქვს სუვერენული უფლება მოჭრას ფული. 

,,როდესაც სახელმწიფოს თავისი ფული აქვს, რამდენჯერაც დასჭირდება, იმდენჯერ მოჭრის და  ეს ვალი უზომოდ გაიზრდება. საბოლოო ჯამში გამოსავალი ისაა, რომ კაცობრიობამ უარი თქვას ხელოვნურ ფულზე და ოქროს სტანდარტს დაუბრუნდეს. დღეს ოქრო ფულად აღარ ითვლება, რამაც საშუალება მისცა ყველას გამოუშვას ზედმეტი ფული. 

საბოლოო ჯამში, გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ კაცობრიობა მიუბრუნდეს "ოქროს ფულს", რაც ბანკებს ძალიან  შეზღუდავს, მაგრამ ადამიანი დაუბრუნდება გონივრულ საქმიანობას. მან უნდა აწარმოოს ის, რაც სჭირდება. საბანკო ფიუჩერსები და მსგავსი რამ მოგონილია იმისათვის, რომ პატარა ადამიანების ჯგუფმა ფინანსური მაქინაციებით უზარმაზარი სიმდიდრე დააგროვოს. სწორედ ეს უკანასკნელია ამ ვალების, მსოფლიო ეკონომიკური კრედიტების, დიდი ომებისა და ყველაფრი ცუდის მიზეზიც. ეს გახლავთ ის, რასაც ტრამპი "დიპ სთეითს" ეძახის და სასტიკად ებრძვის. იმედია მისი პოლიტიკა, რომელსაც გონივრული აზრის პოლიტიკა ჰქვია, გაიმარჯვებს. 

სხვა გამოსავალი კაცობრიობას არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მესამე  მსოფლიო ომი გარდაუვალია, რომელიც შეიძლება ბირთვულიც კი აღმოჩნდეს და მსოფლიო დასრულდეს", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" სიმონიშვილმა. 

გლობალური ვალის მატებას და მასთან დაკავშირებული პრობლემები პატარა ქვეყნებსაც დააზარალებს. ამიტომ თადარიგის დაჭერა და გარკვეული ზომების მიღება აუცილებელია. ანალიტიკოსი ნოდარ კაპანაძე  მიიჩნევს, რომ ამ საკითხიდან უპრობლემოდ ვერც ერთი ქვეყანა ვერ გამოვა. ყველამ უნდა იფიქროს თავის თავზე და პირველ რიგში, ეს ჩვენისთანა პატარა ქვეყნის მთავრობის მთავარი ამოცანა უნდა გახდეს. 

,,ვალების ეკონომიკის მთავარი მოტივატორი ამერიკაა. რომლის საერთო სახელმწიფო ფედერალური ვალი 38 ტრილიონი დოლარამდეა, რაც მის ეკონომიკას საკმაოდ აღემატება. საერთოდ, ასეთი ვალების გასტუმრება, როგორც წესი არ ხდება. აშშ-ის მთლიანი ვალი ჯამში 105 ტრილიონი დოლარია. ეს ისეთი მოცულობაა, რომელსაც არასოდეს არავინ და ვერავინ გაისტუმრებს. ასეთი ვალები ან იფარება დიდი გაუფასურების, დევალვაციის პირობებში ან იწვება დიდ ომებში. რომელი გზა იქნება არჩეული ეს ძალიან ძნელი სათქმელია. 

მსგავსი პრეცენდენტები იყო გასულ საუკუნეში, რამაც ორჯერ მსოფლიო ომი გამოიწვია. სწორედ მაშინ ჩამოიწერა ეს ვალები. ახლა მესამე მსოფლიო ომზე საუბრობენ, მაგრამ აქ ერთი დიდი საფრთხეა - ამით ყველაფერი დამთავრდება. ვერ გეტყვით ახალი მსოფლიო წესრიგი როგორ დალაგდება, მაგრამ ცხადია, რომ ეს ყველაფერი მშვიდად და უმტკივნეულოდ არ მოხდება.

ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის და ზოგადად, ნებისმიერი სახელმწიფოს გამოსავალი ის არის რომ მეტი ყურადღება შიდა პრობლემეზე გადაიტანონ. მოახერხონ მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და არა მსუქანი ფენების კიდევ უფრო გასუქება. ჩვენ ვხედავთ, რომ ნებისმიერი კრიზისის შემდეგ, მდიდრები უფრო მდიდრდებიან და ღარიბები უფრო ღარიბდებიან. წლებია ასეა და ეს ტენდენცია უნდა შეიცვალოს. პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის, მმართველი ძალის და მთავრობის მთავარი ამოცანა ქვეყნის საგარეო პოლიტიკია უნდა იყოს შიდა პროცესებით წარმოებული და არა პირიქით", - აღნიშნა ,,ბიზნეს -რეზონანსთან" საუბრისას ნოდარ კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×