
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის მშობლები, ქრისტი და ვიტალი ჭოლარიები, დაშორდნენ.
ეს გადაწყვეტილება ქრისტიმ საჯაროდ, სანდრა ზოიძის მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვის მეშვეობით გაახმაურა. ვიდეოში ქრისტი მისი გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისთვის ტრაგედიაზე და მეუღლესთან დაკავშირებულ თემაზე საუბარი ძალიან მძიმეა.
"ძალიან რთული იყო ჩემთვის იქ ცხოვრება. ბავშვების მერე უფრო რთული გახდა. მეგონა, რომ მეუღლესთან ერთად გადავლახავდი ამ დიდ ტკივილს, მაგრამ ასე არ მოხდა. ამხელა ტკივილის შემდეგ არ მეგონა, თუ ისევ მეტკინებოდა გული... გადავწყვიტე, მეუღლესთან დავასრულო ურთიერთობა. ჩემთვის ძალიან რთულია ამ ორი ტკივილის ერთად გადატანა, მაგრამ ვიცი, რომ ჩემს შვილებს არ გაუხარდებათ, მე რომ ცუდად ვიყო და რამე დამემართოს", - ამბობს ის მიმართვაში.
გარდაცვლილი ბავშვების მამა, ვიტალი ჭოლარია ამბობს, რომ ქრისტის გადაწყვეტილებით გაოგნებულია. როგორც მან "ამბებთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ბოლო 27 დღეა, ცოლთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მან ასევე გაიხსენა, როგორ ებრძოდნენ ტრაგედიას ერთად:
"ჩვენ აფხაზეთში ვიყავით მე, ქრისტინა და დედაჩემი. ნორმალურად ვიყავით. ამ ტრაგედიას ერთად ვიტანდით მე და ჩემი ცოლი. სანდრამ მოგვცა იმის იმედი, რომ შვილი შეგვეძინებოდა... ჩემი ცოლი თურქეთში გავუშვი [ამ იმედით], მაგის მერე, ორი დღე ვსაუბრობდით ერთმანეთში და მერე შეწყდა. რა მოხდა, აზრზე არ ვარ“.
მანვე აღნიშნა, რომ ვიდრე ქრისტის ვიდეო არ ნახა, არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ იგი მეუღლესთან აღარ აპირებდა ცხოვრებას.
„არა, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. ქრისტი თურქეთში ჩემი ხელით გავაცილე, ჩემი ხელით ჩავსვი ავტობუსში...“ - განაცხადა ვიტალიმ.
მანვე დაადასტურა, რომ ტრაგედიის შემდეგ ახალ სახლში გადასვლას გეგმავდნენ:
"ჩვენ ასე მოვილაპარაკეთ, მთავრობამ რომ სახლი შეგვიძინა, თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ იქ ვიცხოვრებდით. ასე ვიყავით შეთანხმებულები მე და ჩემი მეუღლე. შპალერს ვარჩევდით ერთად. ბავშვის ოთახიც შევარჩიეთ. თურქეთიდან დაბრუნებულს ბავშვი რომ ეყოლებოდა...“
ინტერვიუს დასასრულს, ვიტალიმ მეუღლეს მიმართა:
"ახალი ცხოვრებისთვის ვემზადებოდით და ერთად გადავიტანეთ ამხელა ტრაგედია. ერთი წელი არ არის გასული, არ ვიცი, რა ვიფიქრო. მაგისთვის ვიბრძვი და მინდა, ისევ ერთად გავაგრძელოთ ეს ბრძოლა".