რეზონანსი
14.10.2025

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვისთვის სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირში მყოფი პირები მათ საცხოვრებელ სახლებში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ ცეცხლსასროლ იარაღებს, ფეთქებად ნივთიერებას, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას და სამხედრო აღჭურვილობას. ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულია დროშა ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით.

უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გამოძიება გრძელდება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×