
დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს და მისი მცნებების წინააღმდეგ ვმოქმედებთ. ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ. ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი ჩვენი სიყვარული, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე.
როგორც მიტროპოლიტმა განაცხადა, წლევანდელი სვეტიცხოვლობა წინ უძღვის შესანიშნავ თარიღს – 2026 წელს სრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან.
მისი თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა მოამზადოს საიუბილეო დღეების აღნიშვნა.
მიტროპოლიტმა ქართველი ერისადმი სპეციალური კომისიის მიერ მომზადებული მიმართვა წაიკითხა.
„სრულიად საქართველოს მოსახლეობისა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისადმი. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, 2026 წელს შესრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. განვლილი 17 საუკუნის განმავლობაში დიდი ისტორიის მქონე ქართველი ერი, ქრისტიანობამ სულიერი სრულყოფის გზას, ჭეშმარიტებას და ცხოვრებას, ქრისტეს აზიარა. ქრისტიანობამ მოგვმადლა შესაძლებლობა ცხონებისა, გაღმრთობისა და ცათა სასუფეველში დამკვიდრებისა. საქართველში მართლმადიდებლობის ისტორია ქართველი ერის სულიერი ისტორიაა. ერის მიერ სარწმუნოების ამგვარი შედეგია უაღრესად მყარი საფუძველი, რაც არსობრივად ვლინდება სარწმუნოებრივი ცნობიერების და ეროვნული იდენტობის განუყოფლობაში“, – ნათქვამია კომისიის მიმართვაში.
სპეციალური კომისიის მიმართვის მიხედვით, საქართველოში ქრისტიანობის რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავის აღნიშვნა, ღვთისადმი მადლიერებასთან ერთად, ქვეყნის 2000-წლოვანი ქრისტიანული ისტორიის გახსენებაა.