
ის, რასაც ფინელი მინისტრი და ეუთოს თავმჯდომარე აკეთებს, არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, ეს ასევე არღვევს ვენის კონვენციის 41-ე მუხლს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„უბრალოდ, რომ იცოდეთ: ქუჩა, სადაც ეუთოს თავმჯდომარე (რომელიც ასევე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრია) დგას, დედაქალაქის მთავარი გამზირია. თქვენ ხედავთ რამდენიმე ათეული რადიკალის სცენას, რომლებიც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ და 25 პოლიციელი დააზიანეს, რომელთაგან ორი მძიმედ დაშავდა. ისინი გზას კანონის დარღვევით კეტავენ. საქართველოს კანონმდებლობა, ისევე როგორც ეუთოს ნებისმიერი წევრი ქვეყნის კანონმდებლობა, ყველგან შეკრების უფლების გარანტიას იძლევა და გზის გადაკეტვა მხოლოდ მაშინ არის მისაღები, როდესაც ტროტუარზე დიდი რაოდენობის ხალხის განთავსება შეუძლებელია. ფინელმა მინისტრმა შეიძლება ამის შესახებ არ იცოდეს, მაგრამ ის ვერ დაასახელებს ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც ეს უფლება ბოლო 13 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფომ დაარღვია. ასევე ხედავთ, მინისტრის უკან, პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედანს, სადაც იმ რამდენიმე ათეულზე ათჯერ მეტი ხალხი, მათ შორის თავად ფინელი მინისტრი, ადვილად შეიძლება განთავსდეს მშვიდობიანი შეკრებისთვის, მოძრაობის გადაკეტვის გარეშე. ის, რასაც ფინელი მინისტრი და ეუთოს თავმჯდომარე აკეთებს, არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. ეს ასევე არღვევს ვენის კონვენციის 41-ე მუხლს, რომელიც მიიღეს იმავე ქალაქში, სადაც ეუთოს შტაბ-ბინაა განთავსებული“, - წერს პაპუაშვილი.
მისი თქმით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ მხარს უჭერს ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორებს.
„რასაც ის ამით ქართველ ხალხს აჩვენებს, არის, რომ მხარს უჭერს ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორებს და რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ცარიელი ფრაზაა. ასევე, როგორც ჩანს, ფინეთის ხელისუფლება ჰელსინკიში გზის გადამკეტი მომიტინგეების მიმართ გაცილებით ნაკლებად ლმობიერია, ვიდრე თბილისში“, - წერს პაპუაშვილი.