
სლოვაკეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ერთი წლით გადავადების შესახებ გაჟღერებული ინიციატივის შემდეგ, მსჯელობა პარლამენტის უფლებამოსილების გახანგრძლივებაზეც დაიწყეს. ამის შესახებ სლოვაკური მედიასაშუალება „აქტუალიტი“ წერს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ბოლო დღეებში სლოვაკეთის მმართველ კოალიციაში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ არჩევნების შეცვლის შესაძლებლობაზე.
თავდაპირველად, საუბარი იყო საარჩევნო ოლქების ცვლილებებზე, შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო გამოვიდა იდეით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერთი წლით გადაიდოს, ახლა კი მმართველი კოალიციის წევრები პარლამენტის მანდატის ერთი წლით, ოთხიდან ხუთ წლამდე გახანგრძლივებაზე ალაპარაკდნენ.
„ოთხი წელი არ არის საკმარისი. ჩვენ უკვე მესამე წელია, ნელ-ნელა ვაგვარებთ იმას, რაც წინა მთავრობამ დაგვიტოვა. საკუთარი პროგრამის განხორციელება და ამასთან ერთად მისი დამატება საკმაოდ რთულია“, – განაცხადა პარტია „სმერის“ წევრმა ტიბორ გაშპარმა.
დეპუტატების მანდატების ერთი წლით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა ასევე სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმაც.
„პარლამენტის და მთავრობის ხუთწლიანი ვადა? მე სრულად ვეთანხმები ამას. ჩემი შეფასებით ოთხწლიანი ვადა საკმაოდ მოკლეა“, – განაცხადა მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარლამენტის წევრების უფლებამოსილების გასახანგრძლივებლად საჭიროა 90 დეპუტატის ხმა.
კანონმდებლების მანდატების ვადა განსაზღვრულია კონსტიტუციით. ამჟამად მმართველ კოალიციას პარლამენტში 79 დეპუტატი ჰყავს, ამიტომ ცვლილებების მისაღებად საჭიროა ოპოზიციის მხარდაჭერაც.