
თავიდანვე ვიცოდით ვისთან გვქონდა საქმე, უბრალოდ თავი არ ავარიდეთ შეხვედრას, რადგან ჩვენ ყოველთვის მზად ვართ კონტაქტისთვის, რომ წარვუდგინოთ ფაქტები და არგუმენტები, რომელიც სიმართლეს შეესაბამება, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ელინა ვალტონენის ვიზიტთან დაკავშირებით.
მანვე აღნიშნა, რომ ვალტონენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან მოისმინა ფაქტები და არგუმენტები მიმდინარე მოვლენებზე, თუმცა, არ გაითვალისწინა ისინი და არანაირი განცხადება არ გააკეთა ამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, რომელსაც თბილისში ჰქონდა ადგილი.
„ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე დიდი მოლოდინი არ გვქონდა. ვიცოდით ვისთან გვაქვს საქმე, უბრალოდ თავი არ ავარიდეთ, რადგან ჩვენ ყოველთვის მზად ვართ კონტაქტისთვის, რომ წარვუდგინოთ ფაქტები, არგუმენტები და დავასაბუთოთ, რომ ეს ფაქტები სიმართლეს შეესაბამება. როგორც ვფიქრობდით ყველაფერი დაახლოებით ისე მოხდა, ვინაიდან ჩვენ ვიცოდით „დიფ სთეითისა" და ევრობიუროკრატიის გავლენა ფინეთის ხელისუფლებაზე და მოხდა ის, რაც მოხდა. ჩამოვიდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განუმარტა, წარუდგინა ყველა არგუმენტი და აჩვენა მტკიცებულებები, როგორ ვითარდებოდა პროცესები. მაინც არ შეიმჩნია ვალტონენმა ეს, არანაირი განცხადება არ გააკეთა იმ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, რაც თბილისში მოხდა და ისევ ცალმხრივად დაიწყო თავისი მოსაზრებების გამოთქმა. ესეც არ იკმარა, შემდგომში მივიდა რუსთაველზე, სადაც კანონსაწინააღმდეგო მიტინგი ტარდებოდა. ანუ მცირე რაოდენობის ხალხს, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ჰქონდა რუსთაველის გამზირი გადაკეტილი და შეხვდა იქ მომიტინგეებს და ამით გაამხნევა კანონის დამრღვევები“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ფინელ მინისტრთან შეხვედრის გაუქმების თაობაზე იყო სწორი, რადგან როდესაც ეუთოს თავმჯდომარე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას სჩადის უცხო ქვეყანაში, ეს რეაქციის გარეშე ვერ დარჩებოდა. საქართველოს მთავრობამ კი შეხვედრა გააუქმა იმის გამო, რომ მინისტრის ქმედება პირდაპირ საქართველოს სუვერენიტეტზე იყო გალაშქრება.
შარმანაშვილმა ასევე ისაუბრა ფინურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ეუთოს თავმჯდომარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა თავად გააუქმა.
„ყველამ კარგად ვიცით, რომ დიპლომატიური არხებით საათებითა და წუთებით არის განსაზღვრული სად, ვინ და რომელ წუთსა და საათზე ჩადის, ხვდება და გადაინაცვლებს. ახლა იმ დროს მოუნდა გამგზავრება, როდესაც ჩანიშნული იყო პრემიერთან შეხვედრა. ეს არის ყოვლად დაუჯერებელი და ამას გულუბრყვილო ადამიანებიც კი არ დაიჯერებენ. მათ ისიც კი არ გაავრცელეს, რა იყო შეხვედრის გადადების რეალური საფუძველი და არსად უხსენებიათ მისი რუსთაველზე გასვლა და კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობა. ეს ფინელ ამომრჩეველს არ მოეწონებოდა და ამ ფაქტს გვერდი აუარეს“,- განაცხადა შარმანაშვილმა.
დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ ელინა ვალტონენს, როგორც ეუთოს თავმჯდომარეს, ვადა მალე ეწურება და ის ახლა მოქმედებს ისე, როგორც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ფინეთის ხელისუფლებაზე კი აბსოლუტური გავლენა აქვს ევრობიუროკრატიას და მას მათი აზრი უფრო მეტად აინტერესებს, ვიდრე ეუთოს ბიუროკრატიის აზრი.