
ჩვენ საერთოდ არ გვინდოდა არც შეხვედრის გაუქმება, არც რაღაც უარყოფითის თქმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, მაგრამ მან დაიწყო ეს ყველაფერი, მან გააკეთა ისეთი რამ, რითაც არ დაგვიტოვა ჩვენ შანსი, რომ რეაგირება არ მოგვეხდინა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აქციები, რაც იმართება რუსთაველის გამზირზე, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ არის 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობის გაგრძელება, ვინც იქ მიდის, ყველა მივიდა დამხობის აქციაზეც და იმის ლოგიკური გაგრძელებაა.
„წარმოიდგინეთ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიდის ასეთ აქციაზე. თავისთავად ეს ადამიანებიც ხომ ძალადობენ. მარტო კანონსაწინააღმდეგო ხომ არ არის თავისი არსით. ეს ადამიანებიც ძალადობენ, რადგან კანონი და საერთაშორისო სტანდარტი ხომ რაღაც ლოგიკას ეფუძნება. რატომ გეუბნება შენ კანონი და საერთაშორისო სტანდარტი, რომ არ შეიძლება დედაქალაქის ცენტრალური გამზირი გადაკეტო 50 ან თუნდაც 300 კაცით, რადგან არ შეიძლება, უდიდესმა უმცირესობამ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე. ამას ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტი და მათ შორის ჩვენი კანონმდებლობა. ესენიც ხომ მოძალადეები არიან. როდესაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ მოძალადეებს ემხრობა და აგულიანებს, ეს თავადაც შეგიძლიათ, შეაფასოთ რას ნიშნავს. ჩვენ არ ვეძებთ კონფრონტაციას, მაგრამ ხდება ხოლმე ყოველ ჯერზე ასეთი რამ - ჩვენ საერთოდ არ გვინდოდა არც შეხვედრის გაუქმება, არც რაღაც უარყოფითის თქმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, მაგრამ მან დაიწყო ეს ყველაფერი. მან გააკეთა ისეთი რამ, რითაც არ დაგვიტოვა ჩვენ შანსი, რომ რეაგირება არ მოგვეხდინა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის შეფასებით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა ტყუილი, თითქოს აქცია ახალი დაწყებული იყო.
„მან ერთი ტყუილიც თქვა იქვე, აქციაზე და დილით დაამატა მეორე ტყუილი. მან ტყუილი თქვა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს აქცია ახალი დაწყებული იყო და ხალხი უერთდებოდა. ყველამ ძალიან კარგად იცის და მანაც ძალიან კარგად იცოდა, რომ პირიქით, პიკზე იყო აქცია და არაფერი შემატებია ამ აქციას მას შემდეგ, მაგრამ ეს არის მართლა შემაშფოთებელი. კატასტროფაა, როცა ევროპელი ლიდერები - ფინეთი არ არის ყველაზე დიდი ქვეყანა ევროკავშირში, მაგრამ არის ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყანა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი კადრულობს ასეთ ტყუილს, ცრუპენტელობას. შეხვედრის გაუქმების საფუძველი კანონსაწინააღმდეგო აქციაზე გასვლით შექმნა მან.
ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე. მათ არ ჰქონიათ არავითარი კომუნიკაცია, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე, რამაც ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში და სცადა ამ უხერხულობიდან იგივე მეთოდით გამოსვლა, რა მეთოდითაც სცადა იმ უხერხულობიდან გამოსვლა, რაც 51-ე კაცად შეკრებაში მონაწილეობას უკავშირდებოდა. 50 ე.წ აკაცუკი იყო შეკრებილი იმ აქციაზე და 51-ე აკაცუკად მივიდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ შეკრებაზე, რაც წარმოუდგენელია. ეს მეტყველებს ევროპული ბიუროკრატიის წიაღში არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.