რეზონანსი
18.10.2025

გამოძიებას საკმაოდ მყარი მტკიცებულებების ერთობლიობა აქვს, რათა სასამართლოში ეს საქმე მოიგოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა, საერთო იდეასა და საქართველოს ინტერესს უღალატა.

„მთელი გუნდისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერისთვისაც განსაკუთრებით ემოციურია. საქართველოში პიროვნული ურთიერთობები განსაკუთრებით დაფასებულია და სერიოზულ კვალს ტოვებს. რასაც დღეს თვალს ვადევნებთ ეს მძიმეა, მაგრამ ფაქტია, რომ მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინეს, საერთო იდეას, საქართველოს ინტერესს, გუნდსა და იმ პრინციპებს უღალატეს, რომლებზეც მყარად ვთანხმდებოდით. არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, მით უმეტეს, ბიუჯეტისა და ხალხის ხარჯზე - ეს იყო ჩვენი პრინციპი. ამ პრინციპს დავიცავთ და ამ პრინციპით ვართ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მოწინავეთა შორის.

თუმცა, ამ ბრძოლის დროს თუ გამოვლენილია ყოფილი ან დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაა. არავითარი დანდობა, ვინაიდან ეს ყველაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის გაკეთებული და თითოეულ ჩვენგანს და ეროვნული უსაფრთხოების თემებს ეხება.

არაერთხელ პირადადაც მითქვამს, რომ ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ფაქტია: გამოძიებას საკმაოდ მყარი მტკიცებულებების ერთობლიობა აქვს, რათა სასამართლოში ეს საქმე მოიგოს. ეს გამოძიება, ერთი მხრივ, იმ პრინციპისა და პოლიტიკის გამოვლინებაა, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს და ამ პრინციპს დღესაც მყარად იცავს. თუმცა, მეორე მხრივ, არის ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით კი ჩვენი გუნდის ლიდერისთვის, პიროვნულად და  ემოციურად ძალიან მძიმე განცდა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. გვარაკიძის თქმით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია, დიდი ოდენობით თანხა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×