
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზუკა რურუა, გადაცემაში „დღის ქრონიკა“, სუს-ის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკის ფაქტებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავსი საკითხი დადგა დღის წესრიგში.
მისივე თქმით, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია.
„ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავსი საკითხი დადგა ჩვენს დღის წესრიგში და რა თქმა უნდა, აუცილებელია, ითქვას, რომ ვერანაირი თანამდებობა ინდულგენცია ვერ იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ უნდა დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას. მთავარია, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია კორუფციასთან ბრძოლა. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა და ემოციურია, რომ დღის წესრიგში დადგა ასეთი ფაქტი, რომელიც მიუთითებს იმას, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები იყვნენ გარეული ამ ქმედებებში. ამიტომ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, დაველოდოთ გამოძიებას და შემდეგ სასამართლო პროცესებს“, - აღნიშნა რურუამ.
მისივე თქმით, პრემიერმა წელიწადნახევრის წინ გამოაცხადა, რომ კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა იქნება.
„ამიტომ, ნელ-ნელა, თანმიმდევრობით, ჩვენ ვხედავთ, ჩვენი ძალოვანი უწყებები, როგორც შსს, ასევე სუს-ი როგორ მოქმედებენ, ანტიკორუფციული სააგენტო, როგორ დაუღალავად შრომობს და იძიებს იმ საქმეებს, რაც დაკავშირებულია სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან და ამ ბოლო პერიოდში რამდენი ადამიანია დაკავებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოს სიმყარისთვის და იმისთვის, რა პრეტენზიაც გვაქვს ჩვენ მომავალში, რომ გავხდეთ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა რურუამ.
ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკასთან დაკავშირებით, სუს-ში დღეს, მორიგი ბრიფინგი გაიმართა. ითქვა, რომ სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.