რეზონანსი
19.10.2025

მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველომ შეძლო მდგრადი ეკონომიკური განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილე ბო ლისთან, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების გაერთიანებულ შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა, რომლის კომენტარსაც ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მისი თქმით, დარგობრივი პოლიტიკის შემუშავებისას, რეფორმებისა და საინვესტიციო დღის წესრიგის განსაზღვრისას, საქართველო ორიენტირებულია გააძლიეროს და განამტკიცოს დაკავშირებადობის ფუნქცია.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 7-8 პროცენტი ეთმობა კაპიტალურ ხარჯებს, რაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, ელექტრო-გადამცემი ხაზების მშენებლობასა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას გულისხმობს.

მისივე განცხადებით, ბოლო წლებში ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საჯარო სერვისების გამარტივების, ციფრულ რეჟიმში დაბეგვრის, ეფექტური საბაჟო კონტროლის განხორციელების მიმართულებით.

„დღეის მდგომარეობით, საქართველო გაწევრიანებულია ევროკავშირის ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემა NCTS-ში, სავაჭრო შეთანხმებები მოქმედებს ევროკავშირთან, ჩინეთთან და საერთო ჯამში 47 ქვეყანასთან და საბაჟო კავშირთან, ძალაშია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულება 58 ქვეყანასთან. ამ ყველაფერმა მოითხოვა უზარმაზარი ძალისხმევა. საკანონმდებლო და მარეგულირებელ ჩარჩოში ცვლილებების განხორციელება და ციფრული პლატფორმების შექმნა. ხელშესახები შედეგები იზომება კონკრეტული ინდიკატორებით. საქართველო მე-3 ადგილზეა მარეგულირებელი ჩარჩოთი, მე-14 ადგილზეა საჯარო სერვისებში, მეორეზე - ოპერაციული ეფექტურობით B-Ready კვლევის მიხედვით (რომელიც ჩაანაცვლებს ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსს) და პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობით", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ, ყოველწლიურად 9%-ით იზრდება, რასაც თან ახლავს მიზნობრივთან ახლო ინფლაცია, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის გაორმაგება, შეინიშნება ეკონომიკის სტრუქტურული ძვრები და ისეთი სერვისების ექსპორტი, როგორიცაა: განათლება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ტურიზმი.

ასევე, ლაშა ხუციშვილმა დაკავშირებადობის გაძლიერების კონტექსტში სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის საზღვრებთან საგზაო მაგისტრალის ბოლო მონაკვეთების მშენებლობის დასრულების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ვმუშაობთ აზერბაიჯანთან ერთობლივ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ერთი ფანჯრის კონცეფციით, რაც მოითხოვს პროცედურების და ინფრასტრუქტურის გამარტივებას. ვემზადებით გადამცემი ხაზების გაფართოებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი - წყალქვეშა ელექტროენერგიისა და ციფრული კაბელების აშენებით. ინვესტიციებს ვახორციელებთ ახალ ღრმაწყლოვან პორტში და ვგეგმავთ ახალი აეროპორტის აშენებას. შუა დერეფანს ყოველთვის ჰქონდა თავისი ნიშა და სწორედ ამიტომ დავიწყეთ მასში ინვესტირება ათწლეულების წინ. იმისათვის, რომ შუა დერეფანი ეფექტურ და სტაბილურ მარშრუტად ჩამოყალიბდეს და იქცეს სხვა მარშრუტების ნაწილობრივ ალტერნატივად, ის მოითხოვს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სამომავლო მხარდაჭერას", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×