მარიამ ვეკუა
19.10.2025

აზერბაიჯანის ექსპრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის დიდი ხნის თანამოაზრე რამიზ მეჰდიევი, რომელსაც 20 წელზე მეტ ხანს ეკავა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, რუსეთის დახმარებით პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მოკვლას და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. იგი გასულ კვირას, 14 ოქტომბერს დააპატიმრეს.

87 წლის მეჰდიევს ბრალი სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობითვის წაუყენეს, ღალატისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციაში დაადანაშაულეს და წინასწარი პატიმრობაც შეუფარდეს.

მისი დაპატიმრებიდან მეორე დღეს ადგილობრივმა სააგენტო „აპა“-მ ვრცელი სტატია  გამოაქვეყნა, რომელშიც აღწერილი იყო, თუ როგორ მოამზადა მეჰდიევმა „რუსეთის მხარდაჭერით სახელმწიფო გადატრიალების გეგმა“.

სავარაუდო გეგმის დეტალები კიდევ უფრო გამოკვეთა  პარასკევს გამოქვეყნებულმა „ვესტი ბაქოს“ სტატიამ, რომელიც ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ შეთქმულება თითქმის ერთი წლის განმავლობაში მზადდებოდა და რომ ეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ალიევს ოქტომბრის დასაწყისში დუშანბეში შეხვედრის დროს გაუმხილა.

ვინ არის მეჰდიევი

მეჰდიევის პოლიტიკური კარიერა საბჭოთა პერიოდიდან იწყება. 1995 წელს იგი მაშინდელმა პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა თავისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა. ეს თანამდებობა მეჰდიევმა პრეზიდენტად ჰეიდარ ალიევის მოსვლის შემდეგაც -  2019 წლამდე შეინარჩუნდა, როცა ალიევმა იგი თანამდებობიდან გაათავისუფლა. აგილობრივი წყაროების ცნობით, ამ პერიოდში მეჰდიევი აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებს აქტიურად ატარებდა.

გათავისუფლების დროს მეჰდიევი თავდაპირველად მთავრობის კეთილგანწყობით სარგებლობდა, იღებდა სახელმწიფო ჯილდოებს და ძირითადად სიმბოლურ თანამდებობებს იკავებდა. მისი ძალაუფლების სტაგნაციის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი 2020 წელი იყო, როდესაც კოვიდ-პანდემიისა და ამასთან დაკავშირებული მკაცრი შეზღუდვების პირობებში ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა მეჰდიევის შვილიშვილის ექსტრავაგანტული ქორწილის ვიდეოები.

რა არის ცნობილი „გადატრიალების გეგმის“ შესახებ

სავარაუდო გადატრიალების გეგმა იდეალურად ჯდება აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების უპრეცედენტო კრიზისში, რომელიც რამდენიმე თვე მიმდინარეობდა და რომელიც, როგორც ჩანს, დუშანბეში იმავე შეხვედრაზე გამოსწორდა, სადაც პუტინმა, სავარაუდოდ, ალიევი მეჰდიევის გეგმგების შესახებ გააფრთხილა.

ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის მთავარი მიზეზი 2024 წლის დეკემბერში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ („აზალ“) სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფა იყო. ყაზახეთში მისი ავარიული დაშვების შემდეგ 38 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ვერსიით, სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, რუსეთის საჰაერო სივრცეში უკრაინულ საბრძოლო დრონად მიიღეს და ცეცხლის გაუხსნეს. დაზიანებულმა თვითმრინავმა ამის შემდეგ ყაზახური აქტაუსკენ აიღო გეზი, თუმცა აეროპორტამდე ვერ მიაღწია და ჩამოვარდა.

მას შემდეგ აზერბაიჯანი პერიოდულად ითხოვდა რუსეთისგან ამ ტრაგედიაზე თავისი პასუხისმგებლობის აღიარებას, ბოდიშის მოხდასა და კომპენსაციის გადახდას. კონფლიქტი სწორედ ორიოდე კვირის წინ დუშანბეში გამართულ დსთ-ს სამიტზე ამოიწურა, სადა ვლადიმირი პუტინი და ილჰამ ალიევი პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს. პუტინმა ბოდიში მოიხადა.

გამოცემა „ვესტი ბაქო“ წერს, რომ არც „აზალის“ თვითმფრინავის ჩამოგდება მომხდარა შემთხვევით. მათი ვერსიის თანახმად, იმავე დღეს ილჰამ ალიევი სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე მიფრინავდა და მეჰდიევმა, გენერალ ნაჯმედინ სადიკოვთან ერთად, ალიევის განადგურება სწორედ მაშინ დაგეგმა. გამოცემის მიერ მოყვანილი ანონიმური წყარო ამტკიცებდა, რომ გადატრიალების ორგანიზატორებს „აზალ“-ის თვითმფრინავი ალიევის თვითმფრინავში აერიათ. ალიევმა კი, ოფიციალური ვერსიის თანახმად, „აზალ“-ის ჩამოვარდნის შესახებ გზაში შეიტყო და მოულოდნელად აზერბაიჯანში დაბრუნდა.

წყარომ ზუსტად არ დააკონკრეტა, თუ რა მოხდა მომდევნო ათი თვის განმავლობაში, რადგან ალიევმა და სხვა აზერბაიჯანელმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ მოითხოვეს რუსეთისგან ავარიაზე პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ თქვა, რომ „ყველაზე დრამატული ეპიზოდი“ დუშანბეს შეხვედრის დროს მოხდა - როგორც ჩანს, ავიაკატასტროფისთვის საჯაროდ  ბოდიშის მოხდის გარდა, პუტინმა ალიევს ასევე უთხრა, რომ რუსეთმა „ხელი შეუშალა მისი მკვლელობის მცდელობას“ და ასევე გაამხილა სავარაუდო შეთქმულების ინიციატორის სახელი.

ეს ვერსია მრავალი ძირითადი დეტალით განსხვავდება „აპა“-ს სტატიის შინაარსისგან. მათი ვერსიით, „ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, რამიზ მეჰდიევი აპირებდა  დროებითი  ორგანოს შექმნას, რომელსაც თავად უხელმძღვანელებდა.“

„როგორც ჩანს, 87 წლის მეჰდიევმა თავისი დაჟინებული თხოვნებითა და მოთხოვნით რუსეთის მოთმინება უკვე ამოწურა. შესაბამისად, რუსეთმა ის სრულიად მიატოვა -ვერანაირი პერსპექტივა ვერ დაინახა - და ოფიციალურად აცნობა ბაქოს მეჰდიევის გეგმისა და ქსელის შესახებ“, - წერს „აპა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×