
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ოქტომბერს მიმდინარე საპროტესტო აქციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 14 პირი დააკავეს.
მათივე თქმით, ადმინისტრაციული წარმოება 13 პირის მიმართ მიმდინარეობს.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა, მოხდა 27 სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება, რომელთაგან 14 პირი უკვე დაკავებულია, ხოლო 13 პირის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობს და მომდევნო დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა.
„გუშინ 2025 წლის 18 ოქტომბერს, საკანონმდებლო ორგანოს მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებმა დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად ხელოვნურად გადაკეტეს გზის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა. აღნიშნული ქმედებით აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრების მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. მიუხედავად პოლიციის მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე შსს-ის მიერ გავრცელებული განცხადებისა, არ შეეფერხებინათ სატრანსპორტო მოძრაობა, აქციის მონაწილეები პოლიციას არ დაემორჩილნენ და გააგრძელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ასევე, დემონსტრანტების ნაწილს ჰქონდა შენიღბული სახე, რაც ასევე კანონდარღვევას წარმოადგენს. შესაბამისად, მოხდა 27 სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება, რომელთაგან 14 პირი უკვე დაკავებულია, ხოლო 13 პირის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობს და მომდევნო დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პირები განმეორებით ჩაიდენენ მსგავს ქმედებას, მათ მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.