რეზონანსი
19.10.2025

„კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან წერილს აქვეყნებს.

ზურაბ ჯაფარიძე ვრცელ წერილში განმარტავს, რა არის „ფუნდამენტური პრობლემა", რის გამოც, „ქართული ოცნების" მოწინააღმდეგეების გაერთიანება ვერ ხერხდება.

წერილს, რომელიც 17 ოქტომბრით თარიღდება, უცვლელად გთავაზობთ:

„ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემა, რაც გვჭირს აქეთ მხარეს, რის გამოც ვერ ვახერხებთ მთავარს - გაერთიანებას, არის ის, რომ განსხვავებულად ვუყურებთ არსებულ რეალობას.

ეგვიპტეში მსოფლიო ლიდერების შეხვედრის გაშუქებას დავაკვირდი, როგორ და რას საუბრობენ ჟურნალისტები, რა კითხვებს სვამდნენ, რა პასუხებს იღებდნენ პოლიტიკოსებისგან, ანალიტიკოსებისგან, აქტივისტებისგან, და ძალიან ნათლად ჩანდა, რომ არეული ვართ. ბევრ თემაზე ვხედავ თითქმის ყოველდღიურად, რომ რაღაც კითხვებზე მარტივი, გასაგები, ლოგიკური პასუხი არ აქვს ვიღაცას და იწყება მერე მიდებ-მოდება.

ეს მიდებ-მოდება პრობლემაა, რადგან არაა ზუსტი, აჩვენებს, რომ ყველა ერთნაირად არ ვხედავთ იმ სურათს, რომელშიც ვართ და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ერთნაირად არ ვუყურებთ, ვერ ვთანხმდებით - რის წინააღმდეგ ვიბრძვით.

ეს ფუნდამენტური პრობლემაა, თუ გამარჯვება გვინდა.

ძალაუფლების მოყვარულ ფსიქოპატს ვებრძვით? ფულზე გაგიჟებულ კლეპტოკრატთა ხროვას ვებრძვით? თუ რუსეთს ვებრძვით, რომელსაც ეფექტური კონტროლი აქვს დამყარებული მთელს ქვეყანაზე?

ეს სამი არ არის ერთი და იგივე.

ძალაუფლების მოყვარული ადამიანი შეიძლება იყოს პატრიოტი, ისევე როგორც ფულის მოყვარულ ხალხს შეიძლება აწუხებდეს ქალების ცემა და მათი ციხეში ჩასმა სხვების დასაშინებლად.

რუსულ რეჟიმს კი მაგრად ჰკიდია მორალი და უეჭველი, ყოველთვის მოქმედებს კრემლის ინტერესებით, ანუ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. მაგრამ მთავარი ის არის, რომელი ტიპის მოწინააღმდეგეს, როგორი ბუნება და მახასიათებლები აქვს. მთავარი ისაა, რომ ჩვენი მოქმედების სტრატეგია (და არამარტო სტრატეგია) პრინციპულად იცვლება იმ შემთხვევაში, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ მეორე მხარეს რუსეთია.

მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო: - ერთია შენს საცემრად გამოყვანილ, ტვინგარეცხილ სპეცრაზმელს უმტკიცო, რომ ის იცავს ძალაუფლებაზე ჩაფრენილ ბოროტ არსებას, ან რაღაც ელიტას, რომელიც მის ხარჯზე გამდიდრდა, და მეორეა აუხსნა მას, რომ ის დგას საკუთარი ქვეყნის მტრის მხარეს, რომელმაც დიდი შანსია, მისი წინაპრები და ოჯახის წევრები გამოყარა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან ან საერთოდ დახოცა.

ჩემი დაკვირვებით, მთავარი მიდებ-მოდება და გაუგებარი, არადამაჯერებელი პასუხები იწყება მაშინ, როდესაც ვიღაცას ან არ ესმის, ან ერიდება თქმა, რომ ეს ქვეყანა არის რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ. როგორც კი ამ პრიზმიდან შეხედავ, ყველაფერი, ქოცების ყველა ნაბიჯი იხსნება მარტივად და ხდება გასაგები ნებისმიერი ადამიანისთვის.

რა კავშირშია ანაკლიის გაჩერება ფულის კეთებასთან ან ძალაუფლების შენარჩუნებასთან? რა შუაშია რუსეთის დადასტურებული აგენტისთვის, ფარცხალაძისთვის, პროკურატურის ჩაბარება 12 წლით ამ ყველაფერთან? რუსეთის ნომრიანი ჯაშუშების გამოშვება? NATO-სთან ურთიერთობის პრაქტიკულად განულება? ბელორუსიის KGB-სთან ხელშეკრულების დადება? 2008 წლის ომში საქართველოს დადანაშაულება? ის, რომ 13 წელია პუტინი, მედვედევი, პესკოვი, რიმონიანი, დუგინი, ზახაროვი, კარასინი მხოლოდ აქებენ ქოცებს? მეტიც, ძალიან მარტივად შეიძლება იმის მტკიცება, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება (როცა უპრობლემოდ შეეძლოთ კიდევ გაეჯანჯლებინათ და დაებოლებინათ ბრიუსელი), ისევე როგორც აღვირახსნილი ანტიდასავლური კამპანია, არათუ არ ეხმარებათ ძალაუფლების შენარჩუნებაში და შესაბამისად, ფულის კეთებაში, არამედ - პირიქით.

შეხედეთ ამ რუკას, მსოფლიო სულ უფრო და უფრო გვხედავს ასე, იმიტომ, რომ დღითიდღე ვუახლოვდებით ამ სურათს. უცნაური ისაა, რომ გარედან ასე გვიყურებენ და შიგნით ვიღაცებს ამის დანახვა არ უნდათ ან არ შეუძლიათ.

13 წლის განმავლობაში ივანიშვილს და ქოცებს არ გაუკეთებიათ არაფერი, რაც წინააღმდეგობაში იქნებოდა კრემლის ინტერესებთან და არ გაუკეთებიათ არაფერი, რაც არ იქნებოდა კრემლის ინტერესებში. არაფერი. დაფიქრდით ამაზე. ორივე ნაწილზე. შენგენთან უვიზო და 2008 წლის ომზე სტრასბურგში საქმეები არ ითვლება, ადრე დაწყებული პროცესებია ორივე და ინერციით გავიდა ფინალში, სანამ რუსებმა ბოლომდე გაიმყარეს აქ პოზიციები.

არაფერი, რაც წინააღმდეგობაში იქნებოდა კრემლის ინტერესებთან + არაფერი, რაც არ იქნებოდა კრემლის ინტერესებში.

შეხედეთ ამ რუქას და გაითვალისწინეთ, რომ სანამ რუსეთი სანქციების ქვეშაა, მას სჭირდება ეს ქვეყანა სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. ამიტომ, კრემლის მიზანია, საქართველო დარჩეს პოლიტიკურ იზოლაციაში დასავლეთისგან, მაგრამ არ აღმოჩნდეს ეკონომიკურ იზოლაციაში. ამით იხსნება ის, რომ ეს მონები თან აგინებენ დასავლეთს, დასავლურ ინტერესებს და თან უბადრუკად წვალობენ, რომ ვინმემ ხელი ჩამოართვათ.

შეხედეთ ამ რუქას და იფიქრეთ:

-რატომ უნდა დაუძახონ ეგვიპტეში საქართველოს? მაშინ პუტინს დაუძახებდნენ, რადგან კრემლია ამ ტერიტორიასთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიმღები. მაგრამ პუტინს არ ელაპარაკებიან დღეს

-რატომ უნდა დაელაპარაკოს ვინმე კობახიძეს ან ყაველაშვილს?

-რატომ უნდა დაგვსვან საერთოდ რომელიმე მართლა მნიშვნელოვან საერთაშორისო ან რეგიონულ შეხვედრაზე?

-რატომ უნდა ჩადონ აქ ფული? რუსეთში დებენ დღეს ფულს?

-რატომ უნდა დაგიფინანსონ რეგიონული თუ მსოფლიო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროცესები აქ? რუსეთში აშენონ ინფრასტრუქტურა? რკინიგზა აკლია რუსეთს თუ პორტი?

-რატომ უნდა ჰქონდეთ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებთ უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონასთან? უსაფრთხოების საკითხია ბოლოსდაბოლოს, ვინ გააკონტროლებს, რამდენ რუსული სპეცსამსახურის თანამშრომელს მისცემენ აქ საქართველოს მოქალაქეობას, რომ მერე უვიზოდ წავიდნენ შენგენის რომელიმე ქვეყანაში?

-თუნდაც ჩინეთმა რატომ უნდა ჩადოს ამ ტერიტორიაზე ფული? რუსეთის გავლით ჩინეთს ისედაც აქვს ევროპასთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურა. იგივე ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც. რუსეთი ჩიხია დღეს და თუ ჩვენც ვჩანვართ როგორც რუსეთის ნაწილი, ჩვენც ჩიხი ვართ.

ჩიხში ფულს არავინ ჩადებს.

უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება. ესაა რეალობა, რომელიც სულ უფრო ცხადი ხდება მსოფლიოსთვის. თუმცა შიგნით ბევრი ისევ ვერ ხედავს ან არ უნდა ამის აღიარება. და მანდ იწყება ბოდიალი "ძალაუფლების შენარჩუნებაზე" და "ფულის კეთებაზე" (რაც სიმართლეა, მაგრამ მარტო ამეებით ვერ იხსნება ბევრი რამე)

შეთანხმება იმაზე, ვის ვებრძვით არის გადამწყვეტი საკითხი, ამითაა დასაწყები. ამაზე უნდა დაშენდეს შემდეგ ყველაფერი.

როცა ყველა გავიაზრებთ და ყოველ მეორე დღეს არ დავივიწყებთ, რომ სინამდვილეში - ესენი არიან ჩვეულებრივი რუსული ურდო, რომელიც კრემლმა შემოასია ამ ქვეყანას და განსხვავება ივანიშვილსა და იმ რუს ნაბიჭვარს შორის, 2008-ში გორის გზაზე რომ იდგა მოპარული კოვზით ჯიბეში, მხოლოდ ნაძარცვის მასშტაბშია - ძალების გაერთიანება მარტივი იქნება", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×