
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოდან ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევის გადაწყვეტილებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გერმანიის ელჩის საქმიანობა საქართველოში წლების განმავლობაში არამეგობრული და არადიპლომატიური იყო.
დეპუტატმა გაიხსენა ამერიკის ყოფილი ელჩი რობინ დანიგანი, რომელსაც მისი თქმით, დიპლომატიური მისია მოულოდნელად შეუწყვიტეს და პენსიაზეც გაუშვეს.
სოზარ სუბარი პეტერ ფიშერს საქართველოში „დიფ-სთეითის“ პოლიტიკის განმახორციელებლად მიიჩნევს.
„საქართველოში ბატონი ფიშერის საქმიანობა იყო ძალიან არამეგობრული და არადიპლომატიური წლების განმავლობაში. ეს ადამიანი უფრო შორსაც წავიდა და გაჩნდა სერიოზული კითხვები კორუფციასთან დაკავშირებით რადგან, როდესაც შენ ქირაობ სახლს ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან, ამ შემთხვევაში ხაზარაძისგან და არ გაქვს გაფორმებული ხელშეკრულება, ამ სახლში ცხოვრობ მრავალი წლის განმავლობაში და არ დასტურდება ფულის გადახდა, არ ვიცი, ამას რა შეიძლება დაერქვას კორუფციის გარდა. ალბათ ეს უნდა გამოიძიოს გერმანულმა სახელმწიფომ.
ფიშერის განცხადებები შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებისადმი მხარდაჭერაზე, იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც თვეების განმავლობაში გეგმავდნენ შტურმს და შემდეგ განახორციელეს კიდეც პრეზიდენტის სასახლეზე, რომლებიც არ ცნობენ პარლამენტს, ამბობენ, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს და ძალაუფლების მოპოვების ერთადერთი გზა ამბოხება და ხელისუფლების დამხობაა, ასეთი ხალხის მხარდაჭერა არის არა უბრალოდ ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ არის კრიმინალური ოპოზიციის მხარდაჭერა და წაქეზება. სწორედ ამასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვები ბატონ ფიშერს პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და ამ კითხვების დასმას დაემთხვა ელჩის გაწვევაც. ფიშერი „დიფ-სთეითის“ პოლიტიკის განმხორციელებელია საქართველოში და ამ პოლიტიკას ის ახორციელებდა ძალიან აშკარად, უტიფრად და არამეგობრულად.
ჩვენ გვახსოვს ამერიკის ყოფილი ელჩის რობინ დანიგანის გაწვევაც, რომელსაც ძალიან მოულოდნელად შეუწყვიტეს დიპლომატიური მისია და არამხოლოდ საქართველოში - ნაადრევად გაუშვეს პენსიაზე. ესეც გაფრთხილება უნდა იყოს სხვა ელჩებისთვის,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.