
ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ და ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ გვირმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოს შინაგან საქმეთა და ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროებს შორის არსებული საპოლიციო თანამშრომლობის გაფართოებას, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ორივე ქვეყნის მიგრაციის დეპარტამენტებსა და პოლიციის აკადემიებს შორის მოხდება სამუშაო გამოცდილების გაცვლა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.
„ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მხარეთა შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით მიმდინარე და სამომავლო ღონისძიებებზე.
შეხვედრის დასასრულს გეკა გელაძემ ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაში, პოლიციის ატაშეების განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ისრაელელ კოლეგას ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრისა და მასპინძლობისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.