
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს გამართულ დაძაბულ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთისთვის ტერიტორიების დიდი ნაწილის დათმობა შესთავაზა, - ინფორმაციას Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც გამოცემას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ.
„შეხვედრა დასრულდა (ტრამპის) გადაწყვეტილებით, დაიდოს შეთანხმება იქ, სადაც ჩვენ ვართ, დემარკაციის ხაზზე", - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ. ტრამპმა ეს პოზიცია კვირას ჟურნალისტებთან საუბრისასაც დააფიქსირა.
„ვფიქრობთ, რომ ისინი უბრალოდ უნდა გაჩერდნენ იმ ხაზებზე, სადაც არიან, საბრძოლო ხაზებზე. დანარჩენზე მოლაპარაკება ძალიან რთულია, თუ აპირებთ თქვათ: „თქვენ ამას აიღებთ, ჩვენ იმას ავიღებთ"," - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ამასთან, კითხვაზე, უთხრა თუ არა მან ზელენსკის, რომ უკრაინამ მთელი დონბასის რეგიონი რუსეთს უნდა დაუთმოს, ტრამპმა უპასუხა, რომ „არა". „არა. დაე, ისე იყოს გაყოფილი, როგორც არის. ის ახლა გაყოფილია. ვფიქრობ, ტერიტორიის 78% უკვე რუსეთს აქვს დაკავებული", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ქვეყნებს შეუძლიათ, „მოგვიანებით რაღაცაზე მოლაპარაკება".
Reuters-ი წერს, რომ დონალდ ტრამპთან გამართული შეხვერა აშკარა იმედგაცრუება იყო ზელენსკისთვის, რომელიც იმედოვნებდა, რომ ტრამპს დაარწმუნებდა, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი Tomahawk-ის ტიპის რაკეტები მიეწოდებინათ, რომელსაც რუსეთის სიღრმეში დარტყმა შეუძლია.
კვირა საღამოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტიება Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით. Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, ტრამპის პოზიციაზე დიდი გავლენა მოახდინა ვლადიმერ პუტინთან წინა დღეს გამართულმა საუბარმა.
Washington Post-ის ცნობით, ამ საუბრის დროს პუტინმა ტერიტორიული გაცვლა შესთავაზა, რომლის თანახმადაც უკრაინა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს დათმობდა ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მცირე ნაწილების სანაცვლოდ.
ორი წყაროს ცნობით, იმათ შორის, ვინც ყველაზე აგრესიულად მოუწოდებდა უკრაინელებს, ტერიტორიების გაცვლასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ შეთავაზებულ წინადადებას დასთანხმებულიყვნენ, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი იყო. ერთ-ერთი წყაროს თქმით, უიტკოფმა ახსენა, რომ დონეცკსა და ლუგანსკში მნიშვნელოვანი რაოდენობის რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ომის დასრულების რამდენიმე შესაძლო ვარიანტს განიხილავს და ამბობს, რომ ყველაფერი უკეთ გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ტრამპის, პუტინისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა შედგება.
„არის თუ არა უკრაინაზე ზეწოლა ტერიტორიების დასათმობად, ამაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. მაგალითად რუსული საინფორმაციო პროპაგანდისტული მედია იძახის, რომ ტრამპმა პირიქით, ზელენსკის დაუყენა ულტიმატუმი ტერიტორიების გადაცემასთან დაკავშირებით. დასავლეთის პრესა კი, ამას არ ადასტურებს.
შეიძლება ტრამპმა და ზელენსკიმ მოილაპარაკეს იმ სავარაუდო წინადადებაზე, რაც პუტინს გააჩნია. მე ვიცი, რომ შესაძლოა პუტინმა დააყენოს საკითხი სტამბოლი 2 ფორმატის მოლაპარაკების განახლებაზე, ვინაიდან რუსეთში რთული ვითარებაა. რუსები მობილიზაციას და ძალების მოდერნიზაციას ვერ ახერხებენ. ასევე, რუსეთში სერიოზული პრობლემაა საწვავის მომარაგებაზე და ფალსიფიცირებული ნავთობპროდუქტები რუსეთის ტერიტორიაზე იყიდება.
უნდა ავღნიშნო, რომ ამ კუთხით ჩვენც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან გამორიცხული არ არის, რუსებმა საკმაოდ მავნე ნივთიერება საქართველოშიც შემოიტანონ. შესაძლოა სულ მალე ნავთობის შიმშილი მოსკოვსაც შეეხოს.
აქედან გამომდინარე, შეიძლება პუტინს დროებით დაზავება აწყობდეს. არ ვიცი რაზე მოილაპარაკებენ რუსეთი, უნგრეთი და აშშ, მაგრამ, დიდი ალბათობით, ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ დაელოდოს პუტინთან მათი მოლაპარაკებების შედეგებს და ამის მერე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული.
ომის დასრულებაზე არის ერთი ვარიანტი, რომ კონფლიქტი დროებით გაიყინოს, ასეთი შემთხვევები ყოფილა. ამით უკრაინა საკმაოდ დიდ ტერიტორიებს შეინარჩუნებს, რუსეთი ვერ შეძლებს ოთხივე რეგიონის ანექსიას. ამით შესაძლოა რუსეთს კონსტიტუციური პრობლემებიც კი შეექმნას, ანუ პოლიტიკურ არეულობაზეა ლაპარაკი.
მეორე ვარიანტია, რომ რუსეთი ვა-ბანკზე წავიდეს, საბრძოლო მოქმედებები განახლდეს და მოახდინოს ამ სიტუაციის გადაყვანა ახალ დინამიურ ვარიანტში. დავუშვათ, გამოიყენოს ახალი ტიპის შეიარაღება - ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი "ბურევესტნიკი" და ამით შექმნას ერთგვარი შიშის სინდრომი. ვნახოთ რა იქნება, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას მოილაპარაკებენ უნგრეთში",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".