რეზონანსი
21.10.2025

მედიაჰოლდინგ “კვირას” დირექტორი, ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს, რომელშიც ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება.

კერძოდ, პუბლიკაციაში, სათაურით “ქართული ოცნების“ ონლაინ მედიის ეკოსისტემის ფინანსური წყაროები”, აღნიშნულია, რომ პოლიტიკური პარტიის – „ქართული ოცნების“ ონლაინ მედიის ეკოსისტემა, სულ მცირე, 25 საინფორმაციო სააგენტოსგან შედგება, რომელთა შორისაც “კვირაც” არის მოხსენიებული.

ხოსიტაშვილი განმარტავს, რომ ეს სტატია/კვლევა სატირული ჟანრის კლასიკაა.

"სანამ “კვირაზე” ან აქ დასახელებულ ჩემს ბევრ კოლეგაზე ხმას ამოიღებთ და მიკერძოებულის იარლიყს მოარგებთ, სჯობს, პენსიონერების ნაქურდალი ფულით დაფინანსებულ თქვენს ე.წ. მედიებს, ან მათ კანტორებს მიხედოთ. ხო, საკუთარ “შეუბღალავ” იმიჯსაც… არც წერა რომ არ იცით, არც ფაქტების სწორად, მიუკერძოებლად წარმოჩენა და არც ანალიზის უნარი რომ არ გაქვთ. სამართლიანობის სახელით რომ ღაღადებთ, თავად კი უკიდურესად მიკერძოებული და სამარცხვინო მხარე რომ ხართ, მორალისგან, სინდისისგან დაცლილები…

თქვენი რა საქმეა, არსებობის 14 წლის განმავლობაში რამდენი ხელშეკრულება ან ვისთან გავაფორმეთ? სადმე კანონი დავარღვიეთ? ანდა 6-წლიან შემოსავლებს ჯამურად რომ გვითვლით და მკითხველზე მანიპულირებთ, თითქოს მილიონები ვიშოვეთ, ეს როგორ არის? წლის შემოსავლები გეცოტავათ, ხომ?

და კიდევ, მაინც რომ იცოდეთ, “კვირა” მხოლოდ 2 მედიას არ აერთიანებს, 6 პლატფორმა გვაქვს და თქვენდა სამწუხაროდ, კიდევ უფრო გავიზრდებით… აქაც სამარცხვინო ტყუილი გიწერიათ, მაგრამ ტყუილები ხომ თქვენი და თქვენი სახედაკარგული პატრონების მოგონილია.

ჰოდა, გააგრძელეთ ცხოვრება თქვენივე ზღაპრებისა და ილუზიების სამყაროში და დარჩით იქ, სადაც ხართ… სადღაც ძალიან ძირს, ფსკერზე.

ვისაც დასამალი არაფერი გვაქვს, არც გამჭვირვალობის გვეშინია და თქვენ იკითხეთ, უსამშობლო ფსევდო-არასამთავრობოებმა, პატრონების შემოსავლები რომ შემოგაკლდათ და ისტერიულ აგონიაში რომ ხართ.

ესეც გაივლის!

“კვირას” მკითხველს კი დიდი მადლობა მრავალწლიანი ერთგულებისთვის!”, - წერს ქეთევან ხოსიტაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×