
საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. მმართველი გუნდის განმარტებით, დარჩენილია ტექნიკური დეტალები და რომ სარჩელი მიმდინარე კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება, რის შემდეგაც გაირკვევა, კონკრეტულად რომელი პარტია შედის სარჩელში.
მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის" და მისი მოკავშირეების, წინასწარი ინფორმაციით, 10-მდე პარტიის კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს. საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის ჩაბარებიდან 9-თვიან ვადაში უნდა მიიღოს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" კრიმინალურად ძალადობდა ქართულ სახელმწიფოზე.
"კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" რჩება საქართველოს კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრიობის მტრად, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. წინ უძღოდა საგამოძიებო კომისიის მუშაობა საქართველოს პარლამენტში, რომელმაც, კიდევ ერთხელ დააფიქრა ჩვენი საზოგადოება იმ სისხლიან 9 წელზე, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" კრიმინალურად ძალადობდა ქართულ სახელმწიფოზე", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.