რეზონანსი
22.10.2025

საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა, - გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან. ჩვენ ვახორციელებთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს - ვაშენებთ ახალ პორტებს, ვახდენთ რკინიგზის მოდერნიზებას, ვქმნით ციფრულ და ენერგეტიკულ მაგისტრალებს, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც რეგიონის განახლებად ენერგიას ევროპის ბაზართან დააკავშირებს. ეს ყველაფერი ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას ბიზნესისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, წლევანდელი ფორუმის ფარგლებში პირველად იმართება თბილისის ფინანსური სამიტი, რაც თბილისს ამკვიდრებს, როგორც რეგიონის ფინანსური და ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრს.

„დღეს კავშირები ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ფიზიკური ინფრასტრუქტურა. შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ კონცეფცია; ის იქცა რეალობად, რომლის განვითარებასაც ჩვენ ყოველდღიურად ვუწყობთ ხელს. მაგრამ XXI საუკუნეში მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელია კავშირების ახალი განზომილებების ათვისება – ეს არის ენერგეტიკული დერეფნები, ციფრული მაგისტრალები და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა. ამდენად, ბუნებრივია, რომ დღევანდელი ფორუმის პანელური დისკუსიები სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება: გლობალური ვაჭრობის მომავალს, შუა დერეფნის პოტენციალს, ენერგეტიკულ ინტეგრაციასა და ციფრულ ტრანსფორმაციას.

სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ, რომ წლევანდელი ფორუმის ფარგლებში პირველად იმართება თბილისის ფინანსური სამიტი. ეს საეტაპო მნიშვნელობის სიახლე, რომელიც სინგაპურელ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება, ჩვენს დედაქალაქს ამკვიდრებს, როგორც რეგიონის ფინანსური და ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრს“, - განაცხადა პრემიერმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×