
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა „უზარმაზარი" ახალი სანქციები რუსეთის ორი უმსხვილესი ნავთობკომპანიის წინააღმდეგ, რათა მოსკოვზე ზეწოლა გაიზარდოს და უკრაინაში ომის დასრულებისკენ უბიძგოს. კრემლი უკმაყოფილოა, რუსული მხარე აცხადებს, რომ „მიღებული გადაწყვეტილებები რუსეთის წინააღმდეგ ომის აქტია."რატომ აწესებს აშშ- სანქციებს სწორედ ახლა და შეცვლის თუ არა გადაწყვეტილება ომის ბალანსს?
უფრო კონკრეტულად, შეზღუდვები მიმართულია „როსნეფტისა" და „ლუკოილის", ორი მსხვილი ნავთობკორპორაციის წინააღმდეგ, რომლებიც კრემლის „საომარი მანქანის" დაფინანსებას ეხმარებიან, განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.
ეს წარმოადგენს პირველ პირდაპირ ჩარევას, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთს დააკისრა და, შესაბამისად, გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან მომენტად არის მიჩნეული.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის ორი უმსხვილესი ნავთობმწარმოებელი ფაქტობრივად შავ სიაში შეჰყავს.-წერს BBC.
Bloomberg-ის შეფასებით, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კომპანია „როსნეფტი" და კერძო საკუთრებაში არსებული კომპანია „ლუკოილი" ქვეყნის მთლიანი ნავთობის ექსპორტის თითქმის ნახევარს აწარმოებენ. ორივე კორპორაცია ერთად კიდღეში 3.1 მილიონ ბარელ ნავთობისს ექსპორტს ახორციელებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობის შეფასებით, მხოლოდ „როსნეფტი" რუსეთის ნავთობის წარმოების თითქმის ნახევარს შეადგენს, რაც გლობალური წარმოების 6%-ია.
რატომ აწესებს აშშ სანქციებს ახლა?
რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ბოლო თვეების განმავლობაში ვაშინგტონის ყურადღების ცენტრში მოექცა და ახალი იმპულსი მიიღო მას შემდეგ, რაც ტრამპმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დადებაში მონაწილეობა მიიღო. უკრაინაში მსგავსი შეთანხმების მიღწევა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, მიუხედავად ტრამპის საარჩევნო დაპირებისა, რომ სიტუაცია სწრაფად მოგვარდებოდა. გარდა ამისა, აგვისტოში პუტინთან სამიტმა ხელშესახები შედეგი ვერ გამოიღო და ტრამპი მოსკოვით სულ უფრო იმედგაცრუებული ხდება.
აშშ და მისი მოკავშირეები ჯერჯერობით ყოყმანობენ რუსეთის ენერგეტიკული ინდუსტრიის შეზღუდვას, რადგან, როგორც ექსპერტები ამბობენ, ამას გლობალურ ეკონომიკაზე უფრო ფართო გავლენა ექნება.
სწორედ პუტინის უარი „უაზრო ომის" დასრულებაზე იყო მიზეზი , რამაც საბოლოოდ გამოიწვია ეს ნაბიჯი, განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა, ოთხშაბათს.
„უბრალოდ ვიგრძენი, რომ დრო იყო. დიდ ხანს ველოდით". - თქვა ტრამპმა.
„ეს საშუალებას გვაძლევს,...ნებისმიერი სახის იარაღით დავარტყათ"
კრემლი ტრამპის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.
აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთს პრობლემებს ვერ შეუქმნის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტისა" და „ლუკოილის" წინააღმდეგ ცალმხრივი ზომების დაწესებას საწინააღმდეგო შედეგის მომცემად მივიჩნევთ. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება ჩვენთვის რაიმე სახის განსაკუთრებულ პრობლემებს ვერ შექმნის. ჩვენმა ქვეყანამ დასავლეთის შეზღუდვების მიმართ ძლიერი იმუნიტეტი გამოიმუშავა", - განაცხადა ზახაროვამ.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, დიმიტრი მედვედევის თქმით, აშშ რუსეთის აშკარა მოწინააღმდეგეა.
„აშშ ჩვენი მოწინააღმდეგეა, ხოლო მათი საუბრის მოყვარული „მშვიდობისმყოფელი" რუსეთთან ომის გზას ბოლომდე დაადგა. დიახ, ის ჯერჯერობით ბანდერული კიევის მხარეს სრულად არ იბრძვის, მაგრამ ეს ახლა მისი კონფლიქტია და არა მარაზმატიკი ბაიდენის!...ეს მთავარს არ ცვლის: მიღებული გადაწყვეტილებები რუსეთის წინააღმდეგ ომის აქტია. ახლა ტრამპი შეშლილი ევროპის მხარეს სრულად დადგა", - წერს მედვედევი „ტელეგრამის" არხზე.
მისი თქმით, ტრამპის გადაწყვეტილებას „აშკარა დადებითი მხარე აქვს".
„ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ბანდერულ სამალავებს ნებისმიერი სახის იარაღით დავარტყათ, ყოველგვარი მოლაპარაკებების გათვალისწინების გარეშე და გამარჯვებას იქ მივაღწიოთ, სადაც ეს შესაძლებელია - ხმელეთზე და არა საკანცელარიო მაგიდასთან, მტრის განადგურებით და არა უაზრო „შეთანხმებების" დადებით", - აცხადებს მედვედევი.
რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ის ახალი სანქციები?
მათი გავლენა აღიქმება როგორც სიმბოლური, ასევე ეკონომიკური, რადგან ტრამპი აქამდე სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგებოდა. უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის მნიშვნელობა გრძელვადიან პერსპექტივაში ჯერ კიდევ გასარკვევია.
სანქციები „რა თქმა უნდა დააზარალებს რუსეთის ეკონომიკას, რომელიც ისედაც კრიზისშია", განუცხადა ელჩმა ჯონ ჰერბსტმა BBC-ს. „მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გულუბრყვილობა იქნება ველოდოთ, რომ მხოლოდ ეს ნაბიჯი პუტინს რეალურად მშვიდობის დამყარებისა და კეთილი ნებისკენ უბიძგებს".
„თუ გვინდა, რომ პუტინმა რეალურად კეთილი ნებით მოლაპარაკება დაიწყოს, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ დიდი ზეწოლა, ეკონომიკური და სამხედრო, მრავალი თვის განმავლობაში. მაგრამ ეს კარგი დასაწყისია". - აღნიშნა მან.
როგორ შეიძლება აშშ-ის სანქციებმა გავლენა მოახდინოს უკრაინაში ომზე?
სიდნეის უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევების ცენტრის მკვლევარის, დოქტორ სტიუარტ როლოს თქმით, სანქციები ორ ძირითად მიზანს ემსახურება - მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს რუსეთის სამრეწველო შესაძლებლობებზე, რათა ომის რესურსი შეუმცირდეს და რუსეთი აიძულოს, დაეთანხმოს სამშვიდობო პირობებს ამ ეკონომიკური სანქციების შიშით.
დოქტორ როლომ დასძინა: „ისინი გავლენას არ მოახდენენ პირველზე. შესაძლოა, გავლენა მოახდინონ მეორე კომპონენტზე, თუ მოხერხებული დიპლომატიური ბალანსი იქნება დამყარებული ომის გაგრძელების აღქმულ შედეგებსა და მოლაპარაკებებით მიღწეულ სარგებელსა და დათმობებს შორის".
სინგაპურის ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამხედრო ტრანსფორმაციების პროგრამის პროფესორმა მაიკლ რასკამ კი თქვა, რომ უახლოეს მომავალში სანქციებმა „ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინაში სამხედრო ბალანსი შეცვალოს".
საინტერესო დეტალია ისიც, რომ ტრამპის სანქციების შესახებ ინფორმაციამ უკვე გამოიწვია გლობალური ნავთობის ფასების ზრდა, ხოლო Brent-ის წამყვანი საერთაშორისო ნედლი ნავთობის სტანდარტის ფასმა 5%-იანი ზრდა აჩვენა.