
ყველა სამთავრობო განკარგულება სრულიად გამჭვირვალეა, ქონების პირდაპირი პრივატიზების წესი შეიცვალა და გაძლიერდა აუდიტის სამსახური, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია კორუფციის აღმოფხვრაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობას კორუფციასთან დაუნდობელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული, კორუფციასთან შეურიგებელი იქნება.
„სუს-ის განცხადებების მიხედვით, დანაშაულის ნიშნები იკვეთება, რაც სამწუხაროა. გამოძიებას უნდა დაველოდოთ, თუმცა აწმყოთი ვცხოვრობთ და მოქალაქეებისთვის სასიამოვნოა იმის ყურება, რომ ყველა სამთავრობო განკარგულება სრულიად გამჭვირვალეა, ქონების პირდაპირი პრივატიზების წესი შეიცვალა და გაძლიერდა აუდიტის სამსახური, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია კორუფციის აღმოფხვრაა. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად დაუნდობელი ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული კორუფციის წინააღმდეგ. კორუფციასთან შეურიგებელი ვიქნებით, ჩვენი ახლო მეგობარია თუ გუნდელი. ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით მსოფლიოს სამ ქვეყანაში უნდა შევიდეთ. ეს ყველაფერი იმას ემსახურება, რომ თუ რაიმე ფაქტია გამოვლენილი, არავინ თვალს არ დახუჭავს. ნებისმიერი ადამიანი ორჯერ დაფიქრდება, ვიდრე არასახელმწიფოებრივ ნაბიჯს გადადგამს და ეცდება, არალეგალური გზით რაღაც თანხები მიითვისოს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.