რეზონანსი
23.10.2025

 ექსპრემიერი ბრალის დაკვალიფიცირების მოლოდინშია. ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც გუშინ სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, გამოძიებასთან ითანამშრომლა. საუბარია ე.წ. მაღალჩინოსნების საქმეზე, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პროკურატურასთან ერთად ჩხრეკა სულ 33 ლოკაციაზე ჩაატარა.

ამოღებულია 11 მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფული, ოქრო და ასობით ელექტრონული მოწყობილობა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატის განმარტებით, ანტიკორუფციულ სამსახურში საუბარი ღარიბაშვილის პრემიერობის ორივე ვადას და პოლიტიკიდან დისტანცირების დროს მის ბიზნესსაქმიანობას შეეხო.

ექსპრემიერის გამოკითხვის დეტალებზე დღეს უსაფრთხოების სამსახურში არ უსაუბრიათ. გუშინ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე კი თქვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა უკანონო შემოსავლების მიღება აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ დღეს სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ანდრია, იგივე სანდრო ლილუაშვილი დააკავა. უწყებაში განმარტეს, რომ გრიგოლ ლილუაშვილთან კავშირში მყოფ პირს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. სამართალდამცავები სავარაუდო გავლენებით ვაჭრობის ფაქტებსაც იკვლევენ, რაც ბრალდებულთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს.

დაკავებული ლილუაშვილის ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ აიყვანა პროკურატურამ მისი დაცვის ქვეშ მყოფი. გაგი მოსიაშვილის მტკიცებით, ანდრია ლილუაშვილი წლებია ბიზნესსაქმიანობას ეწევა და მისი ქონების ჩხრეკის დროს კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ.

გრიგოლ ლილუაშვილთან კავშირში მყოფ კიდევ ერთ პირს, რომელიც გუშინ დააკავეს, აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. კობა ხუნდაძის სახლისა და ოფისის ჩხრეკის შედეგად პროკურატურამ მილიონ 300 ათასი დოლარი ნაღდი ფული ამოიღო. დაკავებულს ბრალი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ე.წ. „გათეთრებაში" ედება. საუბარია დეველოპერ ხუნდაძის მიერ 2017-25 წლებში დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების შეძენასა და საკუთარი კომპანიების საწესდებო კაპიტალში შეტანაზე, რის შემდეგაც მიწებზე მშენებლობებითა და თანხების მრავალჯერადი ტრანზაქციებით ფული კანონიერ ბრუნვაში მოექცა.

სუსი და პროკურატურა სისხლის სამართლის საქმეებზე ერთობლივ გამოძიებას განაგრძობენ. ამ ეტაპზე დაკავებულია ორი პირი - ანდრია ლილუაშვილი და კობა ხუნდაძე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×