
გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს სტრატეგიულ როლზე პრემიერ-მინისტრმა თბილისის ფინანსურ სამიტზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს საფინანსო სექტორი დინამიურად ვითარდება და ქვეყანა ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი ხდება. პრემიერი აქცენტს იმ უნიკალურ შესაძლებლობაზე აკეთებს, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან ჰაბად ყალიბდება.
სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა შუა დერეფნის, როგორც გლობალური ვაჭრობის მიმართულების განვითარება იყო. მომავლის ფინანსურ ტექნოლოგიებზე, ეკონომიკურ ზრდასა და ციფრულ ფინანსებზე ისაუბრეს ეკონომიკის მინისტრმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
შუა დერეფანში საქართველოს მნიშვნელოვან ფუნქციაზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ქვეყანაში შექმნილია გამჭვირვალე, მოქნილი და ახალ ფინანსურ სერვისებზე ორიენტირებული გარემო, რომელიც ფინანსურ სტაბილურობას იცავს.
ფინანსურ სამიტს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პირველი პირები, ფინანსური სექტორის ლიდერები, მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
სამიტის მონაწილეებმა უახლესი ფინანსური ინოვაციები, რეგიონული განვითარების პერსპექტივები და საერთაშორისო ფინანსური თანამშრომლობა განიხილეს.
მასშტაბური ღონისძიება დედაქალაქში აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ფინანსურ სამიტს თბილისმა პირველად უმასპინძლა.