
30 წელზე მეტია, ვდგავართ საქართველოს გვერდით, გიზიარებთ წლების განმავლობაში დაგროვილ სიკეთეს, რადგან გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობას სჯერა ევროპის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ქუთაისში, ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის მიმართ არსებული ბრალდებები უსაფუძვლო და უსამართლოა.
„მოხარული ვარ, რომ თბილისისა და ბათუმის შემდეგ, ევროპის დღეს აქ, ქუთაისში აღვნიშნავთ. ისტორიულად, ქუთაისი გახლდათ ქვეყნის კულტურული და ინტელექტუალური ცენტრი; ჭეშმარიტად ევროპული იდეების საამქრო. ქუთაისი ერთდროულად არის ტრადიციებისა და თანამედროვეობის ქალაქი, რომელიც ინახავს შთამბეჭდავ წარსულს და ამასთანავე, ისწრაფვის სიახლისკენ.
სწორედ ეს არის ევროპა - მუდმივი სვლა განვითარებისკენ, ერთმანეთის უნიკალური კულტურისა და ტრადიციების პატივისცემით.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც აქვთ დიდი ისტორია. სწორედ ეს ისტორია გვახსენებს თუ „რანი ვიყავით და რანი ვართ“ დღეს: მშვიდობის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და ღირებულებების ერთობა. 30 წელზე მეტია, ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, თქვენ გვერდით და გიზიარებთ წლების განმავლობაში დაგროვილ სიკეთეს. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობას სჯერა ევროპის.
თუმცა, ჩვენ ასევე გვესმის უსაფუძვლო ბრალდებები, ცდილობენ მრავალწლიანი მეგობრობის დაკნინებას, ჩვენს დაყოფას, ევროკავშირის მტრად წარმოჩენას - ეს უსამართლოა! მაინც ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ პრინციპების პატივისცემას, რომელზეც ევროკავშირი დგას. ნუ დაკარგავთ იმედს. ჩვენც არ ვნებდებით, რადგან ვგრძნობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერასა და მეგობრობას. დღევანდელი დღე ამის ნათელი მაგალითია.
დღეს, ჩვენ ხომ ისევ ერთად ყოფნას, საერთო მიღწევებსა და ისტორიას ვზეიმობთ. ვიტოვებთ იმედს, რომ საერთო მომავალსაც ვიზეიმებთ! წინ საქართველო, წინ“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.