
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოსკოვზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდის მიზნით რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას ახალი სანქციები დაუწესა, თუმცა ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ მხოლოდ შეზღუდვები პუტინს უკრაინაში ომის დასრულებას ვერ აიძულებს. იტყობინება Sky News.
მედიის ცნობით, ვაშინგტონის ევროპელმა მოკავშირეებმა სწრაფად დაუჭირეს მხარი ინიციატივას და ზოგიერთმა სახელმწიფომ, რომელიც რუსეთთან ვაჭრობას აგრძელებდა, უკვე დაიწყო უკან დახევა. ამის მიუხედავად, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დამატებითი ნაბიჯების გარეშე ეფექტი მინიმალური იქნება.
„მხოლოდ სანქციები პუტინს ომის შეჩერებას ვერ აიძულებს. უკრაინამ მეტი იარაღი, მეტი მხარდაჭერა და მეტი გარანტიები უნდა მიიღოს“, - ხაზგასმით აღნიშნა ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, ალექსანდრ კოლიანდრმა.
როგორც გამოცემა წერს, ახალი სანქციების ფონზე, ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს მოკავშირეებს შორის კოორდინაცია იზრდება. კოალიციის ლიდერები ლონდონში შეხვდნენ, რათა კიევისთვის შორი დისტანციის იარაღის შემდგომი მიწოდება და უკრაინის თავდაცვის დასაფინანსებლად რუსული აქტივების შესაძლო განბლოკვა განეხილათ.
ამავდროულად, ექსპერტების აზრით, კრემლი კვლავ დარწმუნებულია თავის უპირატესობაში.
„პუტინი და კრემლი თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ ომს მოიგებენ. ისინი მიიჩნევენ,, რომ თუ ზეწოლას გააგრძელებენ, უკრაინა შეიძლება დაიშალოს“, - აღნიშნა კოლიანდრმა.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა განაცხადა სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლობის სურვილის შესახებ, ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ პუტინი არცერთ შეთანხმებას სერიოზულად არ მიიღებს, სანამ გამარჯვების შესაძლებლობის სჯერა.
„შესაძლოა, პუტინის დასარწმუნებლად, რომ ამ ომის გაგრძელება მის ინტერესებში არ შედის, მხოლოდ რამდენიმე ნავთობკომპანიის წინააღმდეგ სანქციების დაწესება არ იყოს საკმარისი“, - დასძენს გამოცემა.