
ეს პირველ რიგში, ეწინააღმდეგება იმ ძირითად ღირებულებას, რაზეც ევროკავშირი და ევროპა უნდა იდგეს, - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი შვედი დეპუტატის ვიდეო მიმართვის შეფასებისას.
მისივე თქმით, ეს გზავნილი არის ქვეყანაში არეულობის შექმნის მცდელობა.
„ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა და ხელოვნურ სუნთქვაზე ყავდეთ ის მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც აქციაზე დგას და შორიდან მოახდინოს მათი წახალისება. ეს პირველ რიგში ეწინააღმდეგება იმ ძირითად ღირებულებას, რაზეც ევროკავშირი და ევროპა უნდა იდგეს", - აცხადებს ლაშხი.
აღნიშნულ ვიდეო მიმართვას, რომელშიც შვედი დეპუტატი აცხადებს, რომ „ერთი წლის წინ, 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს წაართვეს ქართული დემოკრატია და საქართველოს ევროპული გზა", სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.
„ის, რომ ეს შვედი დეპუტატი ისევ ბედავს საქართველოზე საუბარს, იმის ბრალია, რომ არც მას, არც შვედეთის მთავრობას და არც შვედეთის საელჩოს ბოდიში არ მოუხდიათ, შარშან, მის მიერ, მაიდნის სცენარის განხორციელებით ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების გამო", - დაწერა შალვა პაპუაშვილმა.