რეზონანსი
28.10.2025

„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის შემთხვევაში მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი, თუმცა მათ, იმ ნაბიჯით, რომ თავის დროზე მანდატები შეინარჩუნეს და რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებდნენ და დღეს განაახლეს კიდეც, ამ მხრივ ამ არგუმენტისგანაც თავი გაითავისუფლეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ არ მოხვდა ასაკრძალი პარტიების სიაში „გახარია საქართველოსთვის“ პარტია.

„ეს ეხება 3 პარტიას, თუმცა არიან ამ პარტიებთან დაკავშირებული პარტიები, მაგრამ ვინაიდან საერთაშორისო სტანდარტით დამკვიდრებული კრიტერიუმია, რომ პარტია არა მხოლოდ თავისი ქცევით უნდა არღვევდეს კონსტიტუციას, არამედ რეალურ საფრთხეს უქმნიდეს კონსტიტუციურ წყობილებას, ამიტომ ერთკაციან და არარელევანტურ პარტიებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს საჩივარი.

„გახარია საქართველოსთვის“ პარტიას რაც შეეხება, მათ მიმართ ჩვენი მოთხოვნა ორ კრიტერიუმს ეფუძნება. პირველია, არაკონსტიტუციურობის დასაბუთება, მეორეა - პარტიის რელევანტურობა. „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის შემთხვევაში, მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი, თუმცა მათ თავის დროზე მანდატების შენარჩუნებით, ხოლო რამდენიმე დღის წინ განცხადებით, რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებდნენ და დღეს განაახლეს, ამ არგუმენტისგანაც თავი გაითავისუფლეს“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა დღეს წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×