რეზონანსი
28.10.2025

ახლა არის დრო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ გამოვიყენოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა და ვაჩვენოთ რეალური ერთიანობა. მე არ მჯერა პარტიების და პოლიტიკოსების შერიგების, მაგრამ მორიგების მჯერა, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან სანიკიძე „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს, რითაც სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს.

როგორც ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რიგი პარტიების და საზოგადოების გაერთიანების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი გარღვევის შესაძლებლობა იქმნება.

„ივანიშვილმა „გასაუქმებლად“ სამი ოპოზიციური ძალა (გ)ამოარჩია - „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“ და „ლელო“. არათუ სისტემურ, არამედ ტექნიკურ ოპოზიციად ოფიციალურად გაფორმდა გახარიას პარტიის ნარჩენები.

დღევანდელი გადმოსახედიდან, „ლელოს“ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა კიდევ უფრო სასაცილოდ გამოიყურება.

დღეს რაც მოხდა, შესაძლებლობაა მომაკვდავი პოლიტიკური პროცესის გაცოცხლებისთვის. შესაბამისად, ახლა არის დრო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ გამოვიყენოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა და ვაჩვენოთ რეალური ერთიანობა.

ბევრი საკითხია გასარკვევი, არაერთ პრინციპზე ვართ შესათანხმებელი, ბევრ თემაზეა ბუნდოვანება მოსახსნელი, მაგრამ რიგი პარტიების (შესაძლებლობების, ადეკვატურობის ფარგლებში) და საზოგადოების გაერთიანების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი გარღვევის გაკეთების შესაძლებლობა გვეძლევა.

მე არ ვგულისხმობ ყბადაღებულ „ყველას“ ერთობას - ვისაც შნო და უნარი აქვს, ვისთანაც ლაპარაკი და დადებული სიტყვის დაცვა შესაძლებელია მათ გაერთიანებას. მე არ მჯერა პარტიების და პოლიტიკოსების შერიგების, მაგრამ მორიგების მჯერა“, - წერს ლევან სანიკიძე.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს და სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×