რეზონანსი
28.10.2025

 „ქართული ოცნება" როცა აპირებს, ამ ქვეყანაში გააუქმოს პოლიტიკური ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომელ პარტიას და პოლიტიკოსებს შეეხება ეს, ამას წინ აღუდგებით ჩვენი კომპეტენციით, ვიდავებთ საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, გიორგი სიორიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა - მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენთვის ჩვენს უშუალო შემხებლობაზე არ გადის ზღვარი, სად და როდის უნდა ვიბრძოლოთ", - აღნიშნა სიორიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, „ლელო" ნებისმიერ შემთხვევაში მიმართავდა საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ იყო ერთგვარი წინაპირობა, პროგნოზის გაკეთების საშუალება და იცოდნენ, რომ შესაძლოა, ასაკრძალი პარტიების სიაში ყოფილიყვნენ, გიორგის სიორიძემ განაცხადა, რომ ამ სიის შესახებ ვიდრე გახდებოდა ცნობილი, „ლელოს" უკვე მიმართული ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის.

„მომზადებული გვაქვს და გუშინ შევიდა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც არის ძალიან მაღალი დონის სამართლებრივი დასაბუთება იმისა, რატომ არის არაკონსტიტუციური „ქართული ოცნების" მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ნორმები", - განაცხადა სიორიძემ.

ინტერვიუ გიორგი სიორიძესთან #აქტუალურითემა

მსგავსი: ინტერვიუ გიორგი სიორიძესთან #აქტუალურითემა

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ჰქონდათ თუ არა გუნდის წევრებს იმის მოლოდინი, რომ შესაძლოა, ამ სიაში „ლელოც" აღმოჩენილიყო, სიორიძემ აღნიშნა, რომ ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ გაზაფხულზე დააანონსა, რომ პარტიების აკრძალვას აპირებდა.

„ჩვენ ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაგვიანონსა, რომ პარტიების აკრძალვას აპირებდა. მათ ტვინში რა იხარშება კონკრეტულად, ეს ძალიან რთული გამოსაცნობია. ჯერ გვითხრეს, სხვათა შორის, ამ ეთერიდან, რომ 10 პარტია უნდა ყოფილიყო, მერე ერთი კვირით ადრე უნდა შესულიყო ეს სარჩელი და მერე ეტყობა, ჰქონდათ სხვადასხვა შიდა სამზარეულოს მოწვევები და გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ სამი პარტიის ასაკრძალად მიემართათ", - განაცხადა სიორიძემ.

შეკითხვაზე, იყო თუ არა ამ გადასახედიდან საპარლამენტო სიის ჩახსნა არამართებული გადაწყვეტილება პოლიტიკური თვალსაზრისით, სიორიძემ განაცხადა, რომ იმ გადასახედიდანაც და ამ გადასახედიდანაც ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

„პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენი გადაწყვეტილება იყო ამ გადმოსახედიდანაც და იმ გადმოსახედიდანაც ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, როგორც მანდატებზე უარის თქმის, ასევე სიების ჩახსნის ნაწილში", - აღნიშნა სიორიძემ.

შეკითხვაზე, ვინ დარჩა მოგებული და წაგებული, რადგან ფაქტია, მმართველი გუნდი მუშაობს, იქნება ეს საკანონმდებლო, თუ აღმასრულებელი ხელისუფლება და საინტერესოა, რა ხდება ამ დროს ოპოზიციურ ველზე, რადგან არის დაქსაქსულობა და განცხადებები, რომლებიც კეთდება, ძირითადად კრიტიკაზეა დაფუძნებული, მათ შორის, შეგვიძლია, გავიხსენოთ 4 ოქტომბერს მიმდინარე პროცესები, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის სახელით არასდროს არ უსაუბრია და არც ახლა ისაუბრებს.

„მე შემიძლია, გესაუბროთ ჩემი პარტიის, კოალიციის „ძლიერი საქართველო - ლელოს" სახელით. „ძლიერი საქართველო - ლელო" ყველა თავის ნაბიჯში იყო თანმიმდევრული, ყოველთვის იყო ავანგარდში ბრძოლის, იქნებოდა ეს ქუჩის პროტესტი, თუ სხვა არეალები; ჩვენ დღემდე ვრჩებით ერთგულად იმ მოთხოვნის, რაც საზოგადოებას გვქონდა, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ეს არის ის მოთხოვნები და მერე ზოგიერთმა პოლიტიკოსმა სცადა, მისი მოდიფიცირება გაეკეთებინა, თუნდაც 4 ოქტომბერს, მაგრამ საზოგადოების დაკვეთა ყოველთვის იყო ახალი საპარლამენტო არჩევნები ახალი წესებით. როგორ მიიღწევა ეს, ამას სხვადასხვა გზა და მეთოდი აქვს, საერთაშორისო და შიდა წნეხით", - განაცხადა სიორიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×