რეზონანსი
29.10.2025

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციაში ათი წევრი იმის გამოა, რომ პარტიის ერთ-ერთი წევრი, ჯემალ ანანიძე ბათუმის საკრებულოშიც არის არჩეული.

მისი განმარტებით, ჯემალ ანანიძემ ან საკრებულოს წევრობაზე უნდა თქვას უარი, ან პარლამენტის წევრობაზე, რადგან საკრებულოში მისი არჩევა პარლამენტის წევრისთვის შეუთავსებელი საქმიანობა იქნება.

„გახარიას პარტიის ერთი წევრი ჯემალ ანანიძე ბათუმის საკრებულოშია არჩეული. შესაბამისად, უნდა ჩამოყალიბდნენ. იქ არჩევა, ბუნებრივია, პარლამენტის წევრისთვის შეუთავსებელი საქმიანობა იქნება, ამიტომ, ან საკრებულოს წევრობაზე უნდა თქვას უარი, ან პარლამენტის წევრობაზე. როგორც ჩამოყალიბდებიან, შემდგომში უკვე ისე იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, გახარიას პარტიის წევრებმა პარლამენტში ფრაქცია გუშინ შექმნეს. ფრაქცია ათი დეპუტატის შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. ფრაქციის წევრებს შორის არ არის ჯემალ ანანიძე, რომლის მანდატიც პარლამენტმა გახარიას პარტიის სხვა ადგილმონაცვლე წევრებთან ერთად სცნო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გახარიას პარტიას პარლამენტში 12 მანდატი აქვს, თუმცა ერთ-ერთმა დეპუტატმა, რუსუდან თევზაძემ მანდატის გამოყენებაზე უარი თქვა და პარტია დატოვა. „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სიიდან რომელი წევრი შეცვლის პარლამენტში რუსუდან თევზაძეს, ჯერჯერობით, უცნობია. პარტიის ინფორმაციით, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, ვინაიდან საარჩევნო სიის ზოგიერთი წევრი პარტიაში აღარ ირიცხება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×