
ქართულ პოლიტიკაში არ არის იმ პარტიების ადგილი, რომლებიც პირდაპირ ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას და აზიანებენ საქართველოს ეროვნულ და ხალხის ინტერესებს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა „ქრონიკასთან“.
დეპუტატის თქმით, მსგავსი პარტიების პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოფნა დაუშვებელია, რასაც მოწმობს ბოლო რამდენიმე არჩევნებში მათი სულ უფრო და უფრო შემცირებული რეიტინგი.
„ქართულ პოლიტიკაში არ არის იმ პარტიების ადგილი, რომლებიც პირდაპირ ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას და აზიანებენ საქართველოს ეროვნულ და ხალხის ინტერესებს. ეს არ არის ბრძოლა პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ, ესაა ბრძოლა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად. მათი ყოფნა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩემი აზრით არის დაუშვებელი და ქართველი ხალხიც ასე მიიჩნევს. ამას მოწმობს ბოლო რამდენიმე არჩევნებში მათი სულ უფრო და უფრო შემცირებული რეიტინგი“, - აღნიშნა სეფაშვილმა.
ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, პოლიტიკურმა ჯგუფებმა - „ხალხის ძალამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელი მოამზადეს, რომლითაც მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. ეს პარტიებია: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.