არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოს გადაწყვეტილებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გაიზიარა ეპარქიული კომისიის შუამდგომლობა და არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა.
არქიმანდრიტი წუხს, რომ "პატრიარქს ასეთი განსაცდელი დაატეხა თავს და მადლობას უხდის იმის გამო, რომ მიუხედავად ადგილზე სუს-ის მობილიზებისა, მან მაინც დაიცვა მისი მღვდლობა".
მამა დოროთე აღნიშნავს, რომ ის გაცილებით დიდ სასჯელს ელოდა. მისი განცხადებით, ის ამიერიდან ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში აზიარებს მათ, ვინც მისი ხელით ეზიარება.
ნამდვილად მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, რადგან მე ვიცი, რომ მამა ანდრიას ბევრად უფრო მეტი უნდა, უნდოდა ჩემი საერთოდ ეკლესიიდან გაშვება და განკვეთა. თუმცა, ძალიან ვწუხვარ, რომ პატრიარქს ესეთი განსაცდელი დავატეხე თავს, დღეს სუს-ის მანქანები დარბოდნენ, 5-6 მანქანა შევიდა სუს-ის და პატრიარქსაც დიდი ბრძოლა მოუწია, თუმცა მადლობა უწმინდესს, მადლობა რომ მაინც დაიცვა ჩემი მღვდლობა.
რაც შეეხება ბეთლემის ტაძარს, მე არათუ ბეთლემის ტაძარი, არამედ ჩემი ოფლით და სისხლით, სისხლჩაქცევით ნაშენები სამი მონასტერი მაქვს დატოვებული ეკლესიისთვის, ასე რომ დატოვების პროფესიონალი ვარ, სამებაც მაქვს თავის დროზე დატოვებული, მონასტრებიც მაქვს დატოვებული, ახლა ბეთლემი. ერთ მშვენიერ დღეს ისინიც დატოვებენ ამ ქვეყანას და მაშინ ამათ არაფერი რომ არ ექნებათ ამქვეყნად დატოვებული და ერთბაშად ექნებათ დასატოვი, იმათ ინანონ, თორემ მე არაფერი არ მაწუხებს, ჯერ-ჯერობით, მადლობა ღმერთს, რომ არქიმანდრიტი ვარ, ჩემი მღვდლობის ხარისხში ვარ და სამებაში, აქ ვცხოვრობ მე და აქ გამამწესეს, მრევლი დაისაჯა, თუმცა ძალიან ბევრი იყო ისეთი მხცოვანი ხალხი, რომლებიც ბეთლემში ვერ ამოდიოდნენ კიბეებიდან გამომდინარე და ისინი იმედია აქ მოვლენ ახლა და მამა ილია, ილია თეზბიტელის ტაძარში, აქ დავიწყეთ ჩვენ მსახურება საერთოდ, მამა ილიაც აქ მსახურებდა და ახლა მამა ილია წირავს ყოველ კვირა და მრევლს თუ ახლა გვისმენენ, ვეტყვი, რომ კვირას მობრძანდნენ ამ ტაძარში, მეც მამა ილიასთან ერთად ვიქნები და ვაზიარებ ყველას, ვინც ჩემი ხელით ეზიარება.
წარმოიდგინეთ ახლა, ვოლსკი რომ ჩემი ლოცვის კომპეტენციაში ერევა და მე როგორ ვლოცულობ ამას რომ განიხილავს ვოლსკი, იქ ქვეყანა დაღუპულია და ეკლესიაც დაღუპულია და რა თქმა უნდა, სადამსჯელო იყო იმიტომ, რომ სად ვოლსკი და სად არქიმანდრიტი დოროთე ლოცვის მიმართებაში, ვოლსკიმ როგორ უნდა გაიგოს მე რას ვამბობ იქ ლოცვაზე, რა იცის მაგან, მამაო ჩვენოს ციტატა თქვა და ისიც დამახინჯებით, "მამაო ჩვენოც" არ იცის ბოლომდე და მე კიდევ ვოლსკისაც და ყველას ვეტყვი, რომ "მამაო ჩვენოში" ყველაზე მთავარი ლოცვა არის "იყავ ნება შენი" და მე აქ ვარ "იყავ ნება შენი" და არა "უფალო შემიწყალეზე". მაგათ "უფალო შემიწყალეც" რომ იძახონ უფალი მათ არ და ვერ შეიწყალებს, რადგან ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ხალხს ხოცავენ და ქვეყანას ღუპავენ, მაგათ არ შეიწყალებს ღმერთი, ისინი ქრისტიანები არ არიან, რაც არ უნდა მამხილონ მე, მაგათ თავიანთი საქმეები ამხელს. პავლე მოციქული ამბობს - ზოგ ადამიანსო ცოდვაო წინ მიუძღვის, ზოგს უკანო. ვოლსკის წინაც მიუძღვის და უკანაც და არა მხოლოდ ვოლსკის, არამედ მთელო "ოცნებას", განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს.
რაც შეეხება ხალხთან დგომას, რა თქმა უნდა, მე უფრო მეტს მოველოდი, მეტ სასჯელს, მეგონა, რომ ლობიდანაც გამიშვებდნენ, თუმცა ეს ორი სასჯელი იქნებოდა და ერთბაშად ჯურის კანონში აკრძალულია, მაგრამ იმათ ჯურის კანონი არ აინტერესებთ, საერთოდ კანონები არ აინტერესებთ, ერთ-ერთში გვანან "ოცნებას". ამიტომ, ხალხის გვერდით ვარ და ვისაც ჩემი ხელით უნდა ზიარება, მობრძანდნენ ელიას ტაძარში," - განაცხადა მამა დოროთემ.