
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მასაჟის სალონი პოლიციამ უკვე დალუქა. ადგილობრივებმა იციან, რომ აქ ქალები, მასაჟის ნაცვლად, მომხმარებლებს სქესობრივ მომსახურებას უწევდნენ. მათ შორის იყო მოზარდი გოგონა, რომელიც გამომუშავებული თანხის ნახევარს ე.წ. დამსაქმებელს აძლევდა.
არასრულწლოვანის სექსუალური ექსპლუატაციისა და პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 28 წლის ლევან ხათაშვილი დააკავეს. მას აღმაშენებლის 108 ნომერში ე.წ. მასაჟის სალონი კიბის უჯრედთან მოწყობილ ფართში და სამსართულიანი შენობის სარდაფშიც ჰქონდა გახსნილი. ორივე დაწესებულება ახლა დაკეტილია. ადგილობრივები აქვე მდებარე სხვა საეჭვო დაწესებულებების დახურვასაც ითხოვენ.
ტრეფიკინგსა და პროსტიტუციის ხელშეწყობაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ადვოკატი ამბობს, რომ საბოლოო პოზიცია ჯერ შეთანხმებული არ აქვს.
პროკურატურაში ადასტურებენ, რომ ბრალდებულმა, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, გადაიბირა და სამუშაოდ დაიქირავა 16 წლის გოგონა. გამოძიების ინფორმაციით, ლევან ხათაშვილის მითითებით, არასრულწლოვანი სექსუალურ მომსახურებას უწევდა მსურველებს, გამომუშავებულ თანხას კი ბრალდებული ისაკუთრებდა.
ტრეფიკინგისა და პროსტიტუციის ხელშეწყობაში ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა. მას 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
რუსთავი 2