რეზონანსი
30.10.2025

 

უკრაინის ფრონტის აღმოსავლეთ ნაწილში, განსაკუთრებით ხარკოვის ოლქის საკვანძო ქალაქ კუპიანსკთან დაძაბულობა პიკს აღწევს. რუსული მხარე ბოლო დღეებში აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქში უკრაინული ჯარების ტაქტიკურ ალყაში მოქცევაზე, თუმცა კიევი და დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები ამ ცნობებს ფაბრიკაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა კუპიანსკი და პოკროვსკი (დონეცკის ოლქში) ალყაში მოაქციეს და ათასობით უკრაინელი სამხედრო მძიმე მდგომარეობაშია. საუბარია ტაქტიკუ ალყაზე, რაც გულისხმობ ლოგისტიკური მარშრუტების გადაჭრას, რაც დრონებში გადამჭრელი უპირატესობით არის განპირობებული. ანუ, მომარაგების ყველა გზა რუსული დრონების კონტროლს ქვეშაა გადაადგილების ნებისმიერი მცდელობა უმალ საჰაერო იერიშით არის აღკვეთილი.

მხოლოდ სამხედროების მცირე ჯგუფები ახერხებენ ღამით მოძრაობას, ისიც სამხედრო ტექნიკის გარეშე, აცხადებენ რუსი სამხედრო ანალიტიკოსები და ე.ს. ზეტ-ბლოგერები.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა კატეგორიულად უარყვეს ალყის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

მათი თქმით, ეს ალყა „სუფთა ფიქცია და ფანტაზიაა", რომელსაც ადგილზე არსებული ფაქტობრივი მონაცემები არ ადასტურებს, და უკრაინული ჯარები ვითარებას აკონტროლებენ, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლები ინტენსიურია და მტერი ცდილობს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში გამაგრებას.

ამას გარდა, კუპიანსკის დაცვის გასაძლიერებლად უკრაინამ ახალი დანაყოფები, მათ შორის მოიერიშე ჯარები და უპილოტო საფრენი აპარატების ეკიპაჟები გადაისროლა.

დასავლური დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრები, მაგალითად, ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW), ასევე არ ადასტურებენ რუსეთის პრეტენზიებს კუპიანსკის სრული ალყის შესახებ. მათი ცნობით, რუსული ძალები ახორციელებენ ინფილტრაციის მისიებს ქალაქში (სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული მცირე ჯგუფებით შეღწევა) და ცდილობენ ლოგისტიკურ მარშრუტებზე ცეცხლის კონტროლის დაწესებას უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით, თუმცა ამ დროისთვის ალყა არ არის შეკრული.

კუპიანსკი მნიშვნელოვანი ლოგისტიკური კვანძია ხარკოვის ოლქში, რომელიც თავიდან რუსებმა დაიკავეს, თუმცა უკრაინამ კონტრშეტევის დროს, 2022 წლის შემოდგომაზე გათავისუფლდა. რუსეთისთვის მისი ხელახალი აღება არა მხოლოდ სტრატეგიული, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამარჯვებაც იქნება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×