
საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დაცვის ერთგულებისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის მიერ გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა.
„ერთი მხრივ, ჩვენ ვიღებთ სრულიად ჯანსაღ, სწორ, საქებარი სიტყვებით სავსე წერილს ო’სალივანისგან, ოფიციალური წარმომადგენლისგან, სადაც ცალსახადაა გამოხატული მადლიერება ჩვენი ქვეყნისადმი, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისადმი, რომ მან გამოიჩინა სათანადო ძალისხმევა, შექმნა მოქნილი და ეფექტური მექანიზმი იმისთვის, რომ სანქციებისგან თავის არიდება არ მომხდარიყო საქართველოს გავლით და მეორე მხრივ, ევროკავშირი აფინანსებს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც პროპაგანდირებენ ტყუილს საქართველოსთან მიმართებით. ეს მეტყველებს იმას, რომ ევროკავშირის წიაღში უმძიმესი მდგომარეობაა. თვითონა არ არიან ჩამოყალიბებული ერთ აზრზე“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველოს მთავრობამ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანისგან წერილი მიიღო, რომელშიც აღნიშნულია: „მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისთვის და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა“.