რეზონანსი
30.10.2025

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის წერილი შეაფასა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო.

ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ სანქციების აღსრულების გამო მიღებული შექება ოპოზიციის ნაწილს მხოლოდ დროებით გააჩუმებს და ახალი დავალების მიღების შემდეგ ისინი ქვეყნის გაშავებისკენ მიმართული განცხადებების გაკეთებას კვლავ დაიწყებენ.

„დაახლოებით 2 წლის წინ ანალოგიური განცხადება გააკეთა საქართველოში ჩამოსულმა სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც სწორედ საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხს სწავლობდა ქვეყანაში. მაშინ ამ მისიის დასკვნა იყო ანალოგიური - ცალსახა და დადებითი შეფასება. მაშინ ამან ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალა, რომ გაეგრძელებინათ საქართველოს დადანაშაულება, თითქოს საქართველო შავი ხვრელია. რა თქმა უნდა, შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციამ ასეთი განცხადებები არ გააკეთოს, მაგრამ ცოტა ხანში ისევ მიიღებენ დავალებას, რომ საქართველოს ხელისუფლების გაშავების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

საქართველოს მთავრობამ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისგან, დევიდ ო’სალივანისგან მადლობის წერილი მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×