ნატალია ჯვარიძე
30.10.2025

პარიზში სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო ათი ადამიანი სასამართლოს წინაშე წარსგა. მათ ბრალი ედებათ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და მისი მეუღლის, ბრიჯიტ მაკრონის ონლაინ შევიწროებაში. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ იმის შესახებ, რომ თითქოსდა, პირველი ლედი რეალურად ტრანსგენდერი მამაკაცი იყო სახელად ჟან მიშელ ტრუნიუ.

ეს ჭორები ჯერ კიდევ 2017 წელს გავრცელდა, როდესაც ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე პირველად იყარა კენჭი. აღნიშნულმა ინფორმაციამ განსაკუთრებული პოპულარობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოიპოვა, რისი მიზეზიც ცნობილი ბლოგერი ქენდის ოუენსია, რომელმაც პოდკასტების სერია მიუძღვნა ამ თემას. მაკრონებმა მის წინააღმდეგაც შეიტანეს სარჩელი.

ბრიჯიტ და ემანუელ მაკრონების ურთიერთობა დიდი ხანია, დისკუსიის თემაა. ბრიჯიტი ემანუელზე 24 წლით უფროსია და ის სკოლაში ემა¬ლნუელის მასწავლებელი იყო.

რაც შეეხება სასამართლოს, მის წინაშე 10 ადამიანი წარდგება - 41-იდან 60 წლამდე ასაკის 8 მამაკაცი და 2 ქალი. ბრალდებულებიდან ერთ-ერთი 51 წლის დელფინ ჯ. არის, რომელიც ამანდა როის ფსევდონიმით სარგებლობს. ჯერ კიდევ 2021 წელს ამანდა როი ერთ-ერთ ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ ბრიჯიტი რეალურად კაცი იყო.

მაკრონები მემარჯვენე პოდკასტერის, კენდის ოუენსის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბრალდებებს „დადასტურებულად ცრუ და დამანგრეველ ტყუილს" უწოდებენ, რომ თითქოს ბრიჯიტ მაკრონი მამაკაცად დაიბადა. ამერიკულ სასამართლოში შეტანილ სარჩელში ნათქვამია, რომ მტკიცებულებები აშკარად უარყოფს ამ „გროტესკულ ნარატივს", რომელიც „გლობალური დამცირების კამპანიად" და „მსოფლიო მასშტაბით დაუნდობელ ბულინგად" იქცა.

ბრალდებულებს, რომლებიც ყველა დანაშაულს უარყოფენ, ბრალი წაუყენეს ბრიჯიტ მაკრონის გენდერისა და სექსუალობის შესახებ ცრუ კომენტარის გაკეთებაში, მათ შორის, მისი და მისი ქმარის ასაკობრივი სხვაობის „პედოფილიასთან" დაკავშირებით.

სასამართლომ მოისმინა, რომ ბრიჯიტ მაკრონმა პოლიციას განუცხადა, ონლაინ კომენტარები „სიძულვილით აღსავსეა" და რომ მისი შვილიშვილებისთვის ძალიან მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ მათი ბებია თითქოსდა მამაკაცი ყოფილა.

49 წლის აიტი-ტექნიკოსს, ჟერომ ა-ს, 2024 წელს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ცხრა პოსტის შესახებ ჰკითხეს, რომლებიც მან ხელახლა გამოაქვეყნა. მან სასამართლოს განუცხადა, რომ „ეს უბრალოდ ხუმრობა იყო... მინდოდა სარკასტული ვყოფილიყავი, მეტი არაფერი". დასძინა, რომ პოსტი „სატირული სულისკვეთებით" დაწერა.

ჟერომ ა.-მ მთავარ მოსამართლეს უთხრა: „ბევრი ადამიანის მსგავსად, მეც მაინტერესებს, რატომ ვარ დღეს აქ. დღეს შეგიძლიათ ხალხი სასამართლოში პოსტების გამო დაიბაროთ?"

მან თქვა, რომ ბრიჯიტ მაკრონი, „როგორც ძალიან გავლენიანი პიროვნება, უნდა შეეგუოს კრიტიკას".

მან უარყო შევიწროება და თქვა, რომ კანონი არ დაურღვევია და განაცხადა, რომ მოსწონდა სოციალურ მედიაში საღამოს დივნიდან პოსტების გამოქვეყნება. „ეს უბრალოდ იუმორი იყო. საფრანგეთში ხუმრობისთვის ნებართვა გვჭირდება?"

ასევე სასამართლოს განუცხადა, რომ მან გაავრცელა პოსტები ბრიჯიტ მაკრონის მამაკაცურ ან პედოფილურ ხასიათზე, რათა სხვები „ინფორმირებული" ყოფილიყო.

მაკრონების აშშ-ში წარდგენილ სარჩელში ნათქვამია, რომ ბრალდება, თითქოს ბრიჯიტ მაკრონი დაიბადა მამაკაცად, სახელად ჟან-მიშელ ტრონიე, სრულიად სიცრუეა და ტრონიე სინამდვილეში ბრიჯიტ მაკრონის 80 წლის ძმაა, ის ცხოვრობს ჩრდილოეთ საფრანგეთის ქალაქ ამიენში, სადაც გაიზარდა ბრიჯიტთან და ტრონიეს კიდევ ოთხ და-ძმასთან ერთად, ოჯახში, რომელიც ცნობილია ადგილობრივი შოკოლადის ბიზნესით. ის საჯაროდ იმყოფებოდა ბრიჯიტთან ერთად ემანუელ მაკრონის ორ საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე 2017 და 2022 წლებში.

ბრალდებულებს შორის, რომლებიც ყველა უარყოფენ დანაშაულს, არის 41 წლის ორელიენ პუარსონ-ატლანი, პუბლიცისტი, რომელიც სოციალურ მედიაში ცნობილია როგორც „ზოე საგანი" და ხშირად დაკავშირებულია შეთქმულების თეორიების გავრცელებასთან.

ბრალდებულებს შორის ასევე არის ქალი, რომლის წინააღმდეგაც ბრიჯიტ მაკრონმა 2022 წელს უკვე შეიტანა ცილისწამების სარჩელი - 51 წლის დელფინ ჟ.

2021 წელს მან თავის იუთუბ-არხზე გამოაქვეყნა ოთხსაათიანი ინტერვიუ თვითგამოცხადებულ დამოუკიდებელ ჟურნალისტ ნატაშა რეისთან, სადაც ამტკიცებდა, რომ ბრიჯიტ მაკრონი ოდესღაც მამაკაცი იყო, სახელად ჟან-მიშელ ტრონიე. 2024 წელს მათ ბრიჯიტ მაკრონისა და მისი ძმისთვის ზიანის ანაზღაურება დაეკისრათ, მაგრამ მათი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×