
საკონსტიტუციო სასამართლოში, სამი მსხვილი ოპოზიციური ძალის: „ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებებისთვის" და „ლელოს" აკრძალვის შესახებ სარჩელი შედის. მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ პარტიების აკრძალვის მერე დერადიკალიზაციის პროცესები წავა, ოპოზიციაში კი ამას ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. თვითონ პარტიები, რომლებსაც „შავ სიაში" მოხვედრა ემუქრებათ, ამბობენ, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ.
საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება, პროცედურულად, დაახლოებით 9 თვეში უნდა მიიღოს. საინტერესოა, რომ ჩამონათვალში გახარიას გუნდი არ ფიგურირებს. როგორც „ოცნებაში" ამბობენ, ექსპრემიერის პარტიამ თავს უშველა იმით, რომ პარლამენტში შევიდა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ საბოლოოდ პოლიტიკური ველი გაიფილტრება. „ეს პროცესი დროში გაიწელება, რადგან შეუძლებელია ამ სარჩელის განხილვა მოხდეს ძალიან სწრაფად. საკონსტიტუციო სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს საბოლოო ვერდიქტის გამოსატანად. საბოლოოდ, თუ 3 დესტრუქციული პარტიის, შემდგომში კი ჰიპოტეტურად, როგორც მმართველმა გუნდმა თქვა, მათი სხვა მემკვიდრე პარტიების აკრძალვით პოლიტიკური ველი მოსუფთავდება, ვხედავთ, რომ პოლიტიკური ამბიცია აქვს „ნეიტრალურ საქართველოს". ველი, რომ კიდევ რამდეინმე მემარჯვენე ან მემარცხენე პლატფორმის პარტია გამოჩნდებდა.
„აპელირება ასაკრძალი პარტიებისა და მათი უცხოელი მოკავშირეებისგან, რომ ეს ავტოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია, სასაცილოა თუ გავითვალისწინებთ ევროპის მაგალითებს, მათ შორის ჩეხეთში, გერმანიაში, უკრაინაში კი 3 ჯერ მოხდა მსგავსი რამ."
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ თუ პარტიებს აკრძალავენ, პოლიტიკური საქმიანობა, ამა თუ იმ ფორმით, მაინც გაგრძელდება.
„თუ საერთშორისო საზოგადოება და ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამას არ ცნობს, ფაქტობრივად, დე იურედაც ვერ აკრძალავენ, რადგან იურიდიული ძალა არ ექნებათ. ვთქვათ, თუ დე ფაქტოდ კრძალავენ, მაინც ვფიქრობ, რომ ვითარება არ შეიცვლება, პარტიები გააგრძელებენ მოღვაწეობას, შეიძლება რეგისტრაციის გარეშე, მაგრამ ამ ეტაპზე „ნაცმოძარობის" თუ „კოალიცია ცვლილებებისთვის" წარმომდგენლები პოლიტიკურ განცხადებებს მაინც გააკეთებენ.
„თავიდან სხვა პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანების პრობლემა შეექმნათ, მაგრამ შეიძლება შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, ახალი სახეებით, პლუს ვიცით, რომ აქტიურდება „თავიუფლების მოედანი", ლევან ცუცქირიძემ 10-პუნქტიანი გეგმაც წარადგინა," - განაცხადა ჩიტაძემ.
როგორ იმოქმედებს ეს დარჩენილი პარტიების რეიტინგზე
გია აბაშიძეს აზრით, ეს პროცესი დარჩენილ ოპოზიციურ აქტორებს რეიტინგს აუმაღლებს. „იმ პარტიების რეიტინგზე დადებითად იმოქმედებს, იქიდან გამომდინარე, რომ თუ „ნაცმოძრაობის" დომინანტობა ძალიან დაკნინდება, მათ შორის საინფორმაციო სივრცეში, ყველას ექნება საკუთარი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა. აქ არის რამდენიმე პარტია, რომელიც არ იკრძალება, მაგრამ პოტენციურად აქვთ აკრძალვის შანსი (როგორც მმართველმა გუნდმა თქვა) - გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და სხვები, მათი რეიტინგი მათივე აქტივობიდან გამომდინარე წლიდან წლამდე იშრიტება, ისევე როგორც გახარიას რეიტინგი, ამიტომ არ გამოვრციხოთ, რომ თუნდაც 2026 წელს და შემდეგ პერიოდებში ოპოზიციურ სივვრცეში სულ სხვაგვარი პოლიტიკური მოზაიკა ვიხილოთ," - განაცხადა აბაშიძემ.
„რეიტინგი ოდნავ გაიზრდება, მაგალითად არჩევნები 2028-ში რომ ჩატარდეს, სიტყვაზე, ვინც „ნაცმოძრაობას" აძლევდა ხმას, მხარს დაუჭერს „სტრატეგია აღმაშენებელს". ასე რომ, შეიძლება რეიტინგი გაიზარდოს, თუმცა ამ პარტიებს მაინც არა აქვთ იმის რესურსი, ადამიანური და ფინანსური, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედება მოახდინონ," - განაცხადა ჩიტაძემ.
საით წავიდნენ?
კითხვაზე, სად წავლენ აკრძლული პოლიტიკოსები ან პარტიები, აბაშიძე გვპასუხობს: „ის პოლიტიკოსები და ყოფილი ჩინოსნები, რომლებიც „ნაცმოძრაობის" რეჟიმს ემსახურებოდნენ, ბევრი მათგანი უკვე გაქრა საჯარო სივრციდან, ზოგი ემიგრაციაშია, ზოგი სხვა სფეროშია. ვფიქრობ, იმ აკრძალული პარტიების პოლიტიკოსებსაც მოუწევთ პროფესიის შეცვლა, მითუმეტეს ისიც გავითვალისწინოთ, რომ არაერთ მათგანს აქვს ბიზნესი, მათ შორის რუსეთში, ...რაც შეეხება ჯიუტობას, ეს ჯიუტობა კანონის წინააღმდეგ ისჯება და დაისჯება."
ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ აკრძალვის მიუხედავად პოლიტიკოსები საქმიანობას გააგრძელებენ. „მგონია, რომ ისინი გააგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას, გააკეტებენ პოლიტიკურ განცხადებებს, მათ შორის მასმედიის საშუალებით, მონაწილეობას მიიღებენ დემონსტრაციებში, შესაძლებელია, როგორც ფიზიკურმა პირმა და არა პარტიის წარმომადგენელმა, ან შესაძლებელია განაცხადონ, რომ პარტია რეალურად არ გაუქმებულა, რადგან ოცნება არის არალეგიტიმური და არალეგიტიმური საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას არანაირი ძალა არ გააჩნია, ესეც შეიძლება. არ არის გამორიცხული, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ევროპის საბჭომ გააუქმოს სასამართლოს დადგენილება, როგორც რუსთავი 2-ის შემთხვევაშ 2019 წელს მოხდა."
„დემოკრატიული სივრცის სარგებლობა უნდა შეიზღუდოს"
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, თუ არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც „რადიკალიზმის, კონსტიტუციური წყობილობის დამხობისა და დემოკრატიის ძირის გამოთხრის ფლაგმანები არიან", მაშინ მათი დემოკრატიული სივრცის სარგებლობა უნდა შეიზღუდოს.
„იმ შემთხვევაში, თუ კი ეს სამი პარტია, რომელთან დაკავშირებითაც მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, აიკრძალება, ამის შედეგი იქნება - ქართული პოლიტიკის დერადიკალიზაცია. იქნება შესაძლებლობა, რომ დემოკრატიული სივრცე შეიქმნას, რომ ყველა აზრი და იდეა გამოთქმული იყოს დემოკრატიული სივრცის შესაბამისი სახით და არა რადიკალური, ექსტრემისტული და ტერორისტული მიდრეკილებების მქონე ჯგუფებისგან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ის უცხოელების კრიტიკასაც პასუხობს და აცხადებს, რომ „ზოგიერთები გეოპოლიტიკური კრიტერიუმებით აფასებს სამყაროს და არა სამართლებრივით".
„პრაქტიკა, რა თქმა უნდა, არსებობს, ჩვენ ეს ვნახეთ უკრაინაში, მოლდოვაში და სხვა ქვეყნებში, ასევე გერმანიაში ჯერ კიდევ განიხილება ერთ-ერთი პარტიის აკრძალვა, რომელსაც ერთ-ერთი მაღალი მხარდაჭერა აქვს. საქართველოსთან დაკავშირებით კი მე ამას ორმაგ სტანდარტსაც ვერ დავარქმევდი, ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთის თვალში ქართველი ხალხი არის მეორეხარისხოვანი, გამოდის, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება გვქონდეს ისეთივე ინსტრუმენტები, რომლებიც სხვა დემოკრატიულ ხალხებსა თუ საზოგადოებებს აქვს. ამიტომ ამგვარი დამოკიდებულება გასაკვირი არ არის."
რას ამბობენ ოპოზიციაში?
გახარიას გუნდისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ასაკრძალთა პარტიათა სიაში „ლელოს" სახელის ამოკითხვა.
„ახლა ჩვენთვის სამწუხარო და გაურკვეველია, რატომ მოხდა პარტიების გაუქმების სიაში „ლელო", - განაცხადა გახარიას გუნდიდან ტატა ხვედელიანმა.
თვითონ „ლელოში" კი ამბობენ, რომ აკრძალვა არჩეულ გეზს ვერ შეაცვლევინებს.
„ივანიშვილს პოლიტიკის საერთოდ გაუქმება უნდა ამ ქვეყანაში - თუ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებზე აკრძალვის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება, ეს ჩვენს დღის წესრიგს არ შეცვლის, წინააღმდეგობის სხვა გზას და მეთოდებს აუცილებლად მოვძებნით!" - აცხადებს „ლელოს" გენმდივანი ირაკლი კუპრაძე.
„კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია, მისი პარტიის აკრძალვას ციხიდან ეხმაურება: „ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ. ცხადია, დავკრძალავთ პოლიტიკურად და პროფესიულად... აუცილებლად ვაპირებ პროცესში ჩართვას და ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად. ყველა პროფესიაში მიპირებენ აკრძალვას, როგორც ვხედავ (ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, ადვოკატი) და ჩემს კონსტიტუციონალისტობას რამეში გამოვიყენებ, სანამ ეგეც ამიკრძალეს თან, გავერთობი", - წერს გვარამია თავის განცხადებაში.