
გუშინ გვიან ღამით მძიმე დანაშაული მოხდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, სადაც მამაკაცმა სანადირო თოფიდან ორ ადამიანს ესროლა, რომელთაგანაც ერთი გარდაიცვალა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა კახეთში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 43 წლის მამაკაცი დააკავეს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
მოკლული მამაკაცი და დაჭრილია ქალი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ. მას მერე, რაც მამაკაცი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
დაკავებული მამაკაცის ახლობლის თქმით, ბრალდებული დაჭრილი ქალის ყოფილი ქმარია. ისინი რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ ერთმანეთს.
"ბრალდებული და მოკლული მეგობრობდნენ, მათი ურთიერთობა უკიდურესად მას შემდეგ გართულდა, რაც გაირკვა, რომ ბრალდებულის ყოფილ ცოლთან მოკლულს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა".
ჩვენი რესპონდენტის მოყოლილიდან ირკვევა, რომ მოკლული კაცი სხვა საქმეზე პატიმრობაში თითქმის 3 წლის განმავლობაში იმყოფებოდა და ციხე რამდენიმე დღის წინ დატოვა, რის მერეც მან და დაკავებულის ყოფილმა ცოლმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს.
"ციხიდან რამდენი დღის წინ გამოვიდა, მე როგორც ვიცი, გათავისუფლებამდე მუქარებს უთვლიდა ბრალდებულს. ოჯახის ახლობლები ვფიქრობთ, რომ ამან დაასწრო და მოკლა. მართალია ცოლ-ქმარი გაშორებულები იყვნენ, მაგრამ ყოფილ ქმარს შერიგება სურდა, თუმცა ქალი უარზე იყო. ღამე ზუსტად რა მოხდა, არავინ იცის. როგორც გავიგე, მოკლულის ოჯახში იყვნენ და იქ ესროლა ორივეს. ქალი საავადმყოფოშია. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა", - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.