ნატალია ჯვარიძე
30.10.2025

პოლიტოლოგი იგორ კვესელავა აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების გაუქმებაზე ერთსულოვნება არ არის, რაც იმითაა გამოწვეული, რომ არ იციან, რამდენად მწვავე იქნება ამაზე დასავლეთის რეაქცია. „მგონია, დაელოდებიან უცხოეთის რეაქციას და მერე მიიღებენ გადაწყვეტილებას," - უთხრა მან „რეზონანსს". მეტიც, ფიქრობს, რომ მწვავე რეაქციის შემთხვევაში შეიძლება თავად ხელისუფლებამაც შეცვალოს პოზიცია.

იგორ კვესელავა: ისტორია გვასწავლის, რომ სხვა ქვეყნებშიც აიკრძალა პარტიები, რომლებიც ხელისუფლებას არ მოსწონდა. ალბათ, მაშინაც ასე იყო, რომ საზოგადოება ამ საკითხით ნაკლებად იყო დაინტერესებული. არ მინდა იმის თქმა, რომ ჩვენთან უკვე დიქტატურაა, მაგრამ რომ ვუახლოვდებით ფაქტია. რა თქმა უნდა, თუ ასე გაგრძელდა, ამას ველი.

გულახდილად რომ გითხრათ, მოსამართლეები კარგად უნდა დაფიქრდნენ და ალბათ ასეც მოიქცევიან. უნდა იცოდნენ, რომ მათი გადაწყვეტილება ისტორიას შემორჩება და ფრთხილად უნდა იყვნენ.

რამდენადაც ვიცი, საკონსტიტუციო სასამართლოში მთლად ერთსულოვნება არ არის. წესით, საკონსტიტუციო სასამართლო მთავრობას არ უნდა ემორჩილებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, გავლენას განიცდის. მე როგორც ვიცი, იქ არიან ადამიანები, რომლებიც ამ იდეას არ ეთანხმებიან და სავარაუდოდ, ხელს არ მოაწერენ. ასე მგონია, რომ გადაწყვეტილებას უცებ არ მიიღებენ და რამდენიმე თვე დაელოდებიან. საკითხს იმის მიხედვით გადაწყვეტენ, თუ რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში. თუ დაინახავენ, რომ ვითარება რთულდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, მაშინ შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიიღონ.

რაც შეეხება მეორე საკითხს, თუ ძალაში შევა ეს გადაწყვეტილება და გააუქმებენ პარტიებს, ისინი იძულებულები იქნებიან, რომელიმე პარტიასთან გაერთიანდნენ და სახელი შეიცვალონ, ან თვითონ ჩამოაყალიბონ ახალი პარტია. შეიძლება ეს დროში გაიწელოს, მაგრამ მათ ამის უფლება აქვთ. ამ შემთხვევაში სხვა გზა არც გააჩნიათ. ჩემი აზრით, არ დათმობენ იმას, რაც მოპოვებული აქვთ, მაინც გააგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას. მათ პოლიტიკის გარეშე უკვე აღარ შეუძლიათ."

იგორ კვესელავა ოპოზიციის გეგმაზე საუბრობს, რომელიც „თავისუფლების მოედანმა" გამოქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 10-პუნქტიანი გეგმა ორ საყრდენზე დგას - ერთის მხრივ ხალხთან მუშაობა, მეორეს მხრივ კოორდინაცია საერთაშორისო პარტნიორებთან და დამოკრატიული ზეწოლის გაძლიერება ხელსუფლებაზე.

„მე ვაკვირდები ამ პროცესებს და მინდა გულახდილად გითხრათ, რომ ეს თავისუფლების მოედანი რაღაც ძალიან პოპულალური გახდა. ისინი ფიქრობენ, რომ რაღაც ასეთი რაიონებშიც შეიქმნას და რასაც აქ აკეთებენ, იქაც ქნან. სხვათაშორის, მათ საინტერესო პოზიცია და დებულებები აქვთ. საკმაოდ მიზანმიმართულად და მომზადებულად არიან პროცესში ჩართული. ასეთი რამ მსოფლიო პოლიტიკაშიც იშვიათია. სხვებისგან განსხვავებით აგრესიულები არ არიან და არც თავს აჭერინებენ. ორგანიზებულად, დემოკრატიულად მოქმედებენ. ბევრი რამე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა იქნება დასავლეთისგან. თუ პარტიების აკრძალვაზე ხისტი რეაქცია ექნებათ, შეიძლება ხელისუფლება დათმობაზე წავიდეს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×