"საშუალოვადიან პერიოდში, ვერ ვხედავ საშიშროებას, რომ საქართველოს შეუმცირდება ტვირთბრუნვა ან პოლიტიკური წონა რეგიონში“
თამარ ვეფხვაძე
30.10.2025

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ზანგეზურის კორიდორის პროექტით, ყველა მხარე ისარგებლებს, თუმცა პოლიტოლოგები და ეკონომისტები სკეპტიკურად უყურებენ როგორც ფაშინიანის ოპტიმიზმს, ასევე ზანგეზურის კორიდორის პროექტს. ექსპერტების მოსაზრებით, მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში, ამ პროექტის განხორციელება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, როგორც რთული რელიეფური პირობების, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. 

 პარიზის მშვიდობის ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე - „ლიდერობის გზაჯვარედინზე“, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის, ილჰამ ალიევისა და მისი ხელმოწერილი მშვიდობის დეკლარაციის თანახმად, იგეგმება საკომუნიკაციო არხების გახსნა აზერბაიჯანთან. სომხეთს ექნება ღია სატრანსპორტო მარშრუტები სპარსეთის და ომანის ყურისა და შავი ზღვის მიმართულებით; ახლი დერეფანი კასპიისა და ხმელთაშუა ზღვას შორის; გაჩნდება ახალი შესაძლებლობები. სომხეთი სარკინიგზო გზით დაუკავშირდება ირანს, რუსეთს და ცენტრალურ აზიას. 

ფაშინიანის ოპტიმიზმს ქართველი პოლიტოლოგები არ იზიარებენ. ექსპერტმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძემ „რეზონანსთან“ აღნიშნა, რომ მართალია, აზერბაიჯანი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა სომხეთის საზღვრამდე, მისი მონაკვეთი სწრაფად დაასრულოს, თუმცა მარშრუტი, რომელზეც ზანგეზურის დერეფანმა უნდა გაიაროს, იმდენად რთული ბუნებრივი პირობებით ხასიათდება, ძალიან დიდი დრო დასჭირდება მის სრულად მომზადებას. 

„რამდენად მოსახერხებელი იქნება ეს მარშრუტი სხვა გადამზიდავებისთვის, აქ არ ვგულისხმობ სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, არამედ აზიიდან მომავალი ტვირთებს, ეს ცალკე შესაფასებელია. კვლევაა საჭირო, ეს მარშრუტი მოკლდება, თუ პირიქით, უფრო რთულდება - შეიძლება, კილომეტრაჟი შემცირდეს, მაგრამ მარშრუტი იყოს საავტომობილო ტრანსპორტისთვის რთული. რაც შეეხება რკინიგზას, კი, ბატონო, გაიყვანენ, მაგრამ არც ეს არის 100%-ით გარანტირებული, რომ უფრო მოსახერხებელი მარშრუტი იქნება ყველასთვის. ცალკე კვლევებია ჩასატარებელი და რელიეფიც შესაფასებელია“, - განუცხადა „რეზონანსს“ ამირან სალუქვაძემ.  

მისივე თქმით, რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ეს მარშრუტი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვის, რათა ნახიჭევანის ავტონომიური ოლქი აზერბაიჯანს დაუკავშიროს. აქ სწორედ ამაზე მიდის მუშაობა.

„რაც შეეხება სომხეთს, რა თქმა უნდა, ისიც თავის სარგებელს ნახავს, თუნდაც აზერბაიჯანის შიდა ტვირთების გადაზიდვით ნახიჭევანში და აზერბაიჯანულ-თურქული ტვირთების მოძრაობით. ჩვენ რაც შეგვეხება, ყოველთვის ეს კითხვა ისმის, სად არის საქართველო და ხელისუფლებასაც უსვამენ ამ კითხვას. სად არის და აქ არის, ბატონებო - ორ სახელმწიფოს შორის, ვგულისხმობ აზერბაიჯანს და სომხეთს, კონფლიქტი დარეგულირდა, საზღვრებზე და დერეფნის გახსნაზე თანხმდებიან, ტერიტორიებზეც თანხმდებიან, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, ერთმანეთში ვაომოთ ისევ? 

როგორც სომხეთი ვერ შეგვიშლის თურქეთთან და აზერბაიჯანთან სახმელეთო თუ სხვა სახის კომუნიკაციებს, ისე ვერ შევუშლით აზერბაიჯანს და სომხეთს ერთმანეთთან კავშირს. პირიქით, მშვიდობაა რეგიონში და ჩვენი პოზიცია ცალსახაა, მივესალმებით კონფლიქტის ჩაცხრობას. 

რაც შეეხება კონკურენციას, ზანგეზურის კორიდორის ამოქმედება არანაირად არ გვიშლის ხელს. დიახ, ალტერნატივა ჩნდება, მაგრამ აღმოსავლეთ-დასავლეთის კავშირს, მხოლოდ ეს ქვეყნები ხომ არ ირჩევენ, საიდან გაუშვან ტვირთები? ყაზახეთი ან  ჩინეთი რომ აგზავნის ტვირთს, მაგალითად, რუმინეთში ან გერმანიაში, ის დაფიქრდება, რომელი მარშრუტი აირჩიოს. მთავარია, ჩვენი ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ ისე, რომ თანამედროვე გამოწვევებს უპასუხოს. ტვირთების მოცულობა მუდმივად იზრდება, ამას სჭირდება გამტარუნარიანობის ამაღლება და აქეთკენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი, რომ რკინიგზა იქნება, თუ საავტომობილო გზა, მოვიყვანოთ სრულყოფილ მდგომარეობაში, დავასრულოთ ავტობანისა და პორტების მშენებლობა“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას სალუქვაძემ.  

თითქმის იგივე პოზიციაზეათსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე, ოღონც მცირეოდენი განსხვავებით. მას მიაჩნია, რომ ზანგეზურის დერეფნის პროექტით, ფაშინიანი ახალი რეალობის შექმნას ცდილობს:

„ჯერ კიდევ აგვისტოში, როდესაც მხარეებმა ტრამპთან შეხვედრის დროს, მოაწერეს ხელი ზანგეზურის დერეფნის გახსნას, მოგვიანებით გაირკვა, თურმე, გადაწყვეტილებას კი არ მოაწერეს ხელი, არამედ იმას, რომ მხარეები ამ მიმართულებით  იმუშავებენ. ამ ყველაფერს შემდგომი დაზუსტებები დასჭირდებოდა, მათ შორის, ორივე ქვეყნის - სომხეთისა და აზერბაიჯანის - პარლამენტის რატიფიცირება, მთავრობებს შორის დამატებითი ხელშეკრულებისა და მემორანდუმების გაფორმება, ამის შემდეგ ამერიკა ჩაერთვებოდა და ის აიღებდა უკვე გრძელვადიანი იჯარით ამ პროექტის განხორციელებას. 

აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია დამატებით - ფაშინიანი ცდილობს, ახალი რეალობა შექმნას. პრაქტიკულად, მან უარი თქვა ყარაბაღის რეგიონზე და ჩაიხსნა იგი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობიდან. ახლა ცდილობს, ურთიერთობები დაალაგოს მისი ქვეყნის, როგორც სამხრეთის, ასევე აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით, სადაც ერთი და იგივე ვითარება აქვს. აზერბაიჯანი და თურქეთი, პრაქტიკულად, ერთი მოცემულობაა, რადგან ისინი ყოველთვის ერთნაირად მოქმედებენ, ერთსა და იმავე გადაწყვეტილებებს იღებენ. ამ რეალობის გათვალისწინებით, სომხეთი შუაშია მოქცეული და ცდილობს, ურთიერთობები მოაწესრიგოს ორივე ქვეყანასთან. კიდევ ერთი ნიუანსია - ირანსაც აქვს ინტერესი მის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონთან მიმართებით და თეირანიც საკმაოდ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს, რომ ის არ დაუშვებს ამ დერეფნის გახსნას“, - განუცხადა „რეზონანსს“ ოთარ ანგურიძემ. 

„რეზონანსის“ კითხვაზე, კონკრეტულად, რა რეალობის შეცვლას ცდილობს ფაშინიანი ზანგეზურის დერეფნის პროექტით, ანგურიძემ გვიპასუხა, რომ დასავლეთი, ფაშინიანის გამოყენებით, აქტიურად ცდილობს, კავკასიაში რეალობის შეცვლას:

„რამდენად შეძლებს სომხეთი, თანაც ახალი მთავრობის პირობებში, ამ პოლიტიკის განხორციელებას, ესეც დროის საკითხია. თუმცა, ერთი რამ ფაქტია - სომხეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ფაშინიანს აღარ უჭერს მხარს, სწორედ ყარაბაღთან დაკავშირებული ფაქტორიდან გამომდინარე და ბევრი, შიდა პოლიტიკური საკითხებიდან გამომდინარე, ფაშინიანმა დაკარგა მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა.როგორ განვითარება მოვლენები სომხეთში, ვფიქრობ, ესეც არაპროგნოზირებადია, რაც ზანგეზურის პროექტის განხორციელებას ეჭვქვეშ აყენებს. ამიტომ, ერთი ხელის მოსმით იმის თქმა, რომ ეს კორიდორი, აპრიორი, აუცილებლად გაიხსნება, ვერ ვიტყვით. 

გარდა ამისა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ თურქეთ-აზერბაიჯანის ინტერესი მხოლოდ კორიდორის გახსნა არ არის. დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანის პრიორიტეტი ნახჭევანისა და აზერბაიჯანის გაერთიანებაა, ვიდრე სარკინიგზო ან საავტომობილო გზის გახსნა. საბოლოო ჯამში, აზერბაიჯანის ინტერესია ტერიტორიული გაერთიანება, ხოლო ფაშინიანი ცდილობს, ამ კორიდორით ეს ინტერესები ჩაკლას. 

შეიძლება ითქვას, ზანგეზურის დერეფანი გზას ვერ შეამოკლებს, უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშაა, სომხეთში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე და რელიეფური სირთულეც დამატებითი ფაქტორია ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის თვალსაზრისით. მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში, ვერ ვხედავ საშიშროებას, რომ საქართველოს შეუმცირდება ტვირთბრუნვა ან პოლიტიკური წონა რეგიონში“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ოთარ ანგურიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×