
29 ოქტომბერს გვიან ღამით მძიმე დანაშაული მოხდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში. მამაკაცმა მეგობარი მოკლა, ყოფილი ცოლი კი დაჭრა. სამართალდამცავებმა კახეთში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 43 წლის ზურა ზურაშვილი დააკავეს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული მამაკაცი თემურ (დემურ) ღვედაშვილია, დაჭრილი ქალი კი ნათია კანდელაკიშვილი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მეგობრები იყვნენ და ნათელმირონობაც აკავშირებდათ. ღვედაშვილი ციხიდან რამდენიმე დღის გამოსული იყო.
ის და დაჭრილია ქალი ბოლო რამდენიმე პერიოდში ერთად ცხოვრობდნენ, მას მერე, რაც მამაკაცი პატიმრობიდან გათავისუფლდა. დაკავებული მამაკაცის ახლობლის თქმით, კანდელაკიშვილი და ზურაშვილი რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ ერთმანეთს.
"ბრალდებული და მოკლული მეგობრობდნენ, მათი ურთიერთობა უკიდურესად მას შემდეგ გართულდა, რაც გაირკვა, რომ ბრალდებულის ყოფილ ცოლთან მოკლულს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა".
დანაშაული მოკლულის საცხოვრებელ სახლში მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, შეიარაღებული ზურაშვილი ღვედაშვილთან მივიდა, ისინი ერთმანეთს ეზოში შეხვდნენ, ადგილზე იყო ნათია კანდელაკიშვილიც. რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ 43 წლის მამაკაცმა გულ-მკერდის არეში ჯერ მეგობარს ესროლა, შემდეგ კი ყოფილი ცოლი დაჭრა.
ადგილობრივები უყვებიან, რომ მოკლული კაცი სხვა საქმეზე პატიმრობაში თითქმის 3 წლის განმავლობაში იმყოფებოდა და ციხე რამდენიმე დღის წინ დატოვა, რის მერეც მან და დაკავებულის ყოფილმა ცოლმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს.
ambebi.ge