რეზონანსი
31.10.2025

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაახლოებით, ერთი წლის წინ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, „ქართული ოცნების“ 89 დეპუტატი ტაშს უკრავდა ირაკლი ქარსელაძეს - პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვრცელდება არა თუ მინისტრის მოადგილეზე და მინისტრზე, არამედ „ქართულ ოცნებაზე“ როგორც რეჟიმზე, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას და ამავე უწყების მინისტრის მოადგილის დაკავებას.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს საპარლამენტო კონტროლის კრახს და ჩავარდნას. ამასთან, შარაშიძემ აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის ახალმა მინისტრმა „კორუმპირებული სამინისტრო ჩაიბარა“.

„ორი დღის წინ, აქ, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით იყო ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელმაც ფაქტობრივად აღიარა. იმ დონის გამბედაობაც არ ეყო, პირდაპირ ეთქვა, რომ კორუმპირებული სამინისტრო ჩაიბარა. თავად მოიყვანა ფაქტი, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემურია და ამ პროექტების ჯამური ღირებულება 1 მილიარდ ლარს აღემატება. ამას რომ მინისტრი თავად დაადასტურებს, მე მგონი, აქ სხვა კითხვები აღარ ჩანს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაახლოებით, 1 წლის წინ, ამავე დარბაზში, ეს 89 დეპუტატი ტაშს უკრავდა ირაკლი ქარსელაძეს. ტაშს უკრავდა, მიესალმებოდა, მხარს უჭერდა, რაც რა თქმა უნდა, იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არა თუ მინისტრის მოადგილეზე და მინისტრზე, რა თქმა უნდა, ვრცელდება „ქართულ ოცნებაზე“. ეს ნიშნავს საპარლამენტო კონტროლის კრახს, საპარლამენტო კონტროლის და ზედამხედველობის ჩავარდნას, ტოტალურ სისტემურ კრახს. რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგებლობა სრულად ვრცელდება „ოცნებაზე“, როგორც რეჟიმზე და ამ პასუხისმგებლობაში საპარლამენტო უმრავლესობის პასუხისმგებლობა განსაკუთრებულია. მინდა შეგახსენოთ, რომ დღევანდელი პრემიერი, რომელიც თითქოს, კორუფციას ებრძვის, იყო საპარლამენტო გუნდის ლიდერი, რომლის უშუალო მოვალეობა იყო, სათანადო ზედამხედველობა გაეწია მთავრობისთვის. ზუსტად იმ პერიოდში იყო, თუ არ ვცდები, ბატონი პაპუაშვილი ასევე პარლამენტის თავმჯდომარე“, - განაცხადა შარაშიძემ.

ამასთან, დეპუტატის თქმით, „თუ კობახიძეს უნდა, ხალხი დააჯეროს, რომ კორუფციას ებრძვის, მაშინ ეს კალაძით და თბილისის მერიით უნდა დაიწყოს, რადგან ყველაზე მეტი კითხვა მასთან დაკავშირებით არსებობს“.

„როგორ შეიძლება, კობახიძემ ვინმე დაარწმუნოს იმაში, რომ კორუფციას ებრძვის, როცა კორუფციის სიმბოლოა კახა კალაძე. რას ფიქრობთ, კორუფცია ინფრასტრუქტურის სამინისტროში იყო და თბილისის მერიაში არ არის?! დედაქალაქის მერიაში არავინ შესულა და სათანადოდ არ დაინტერესებულა, რადგან ეს ყველაფერი შიდა კლანური დაპირისპირებაა. რა გგონიათ, კორუფციასთან რეალურ ბრძოლასთან გვაქვს საქმე?! ერთი „კლანის“ მეორით ჩანაცვლება ხდება. ღარიბაშვილ-ლილუაშვილის „კლანს“, კობახიძე-კალაძის „კლანი“ ანაცვლებს“, - განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. გამოძიების ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლიც გაიჩხრიკა. გამოძიების თანახმად, საქმე ეხება 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის საქმეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×