თამთა ჩაჩანიძე
31.10.2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ცხელ კვალზე დაკავებულ 43 წლის ზ.ზ.-ს შესაძლოა უვადო პატიმრობა მიუსაჯონ. გამოძიების თანახმად, მან შურისძიების მოტივით სანადირო თოფით ჯერ მეგობარი მამაკაცი თ.ღ. მოკლა, შემდეგ კი ყოფილი ცოლი ნ.კ. დაჭრა, რომელიც ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის.

დანაშაული 29 ოქტომბრერს გვიან ღამით მოხდა, სამართალდამცავებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სანადირო თოფი, როგორც დანაშაულის ჩადენის იარაღი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „კ" და „ლ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. სხვადასხვა წყაროდან ირკვევა, რომ კლინიკაში გადაყვანილი 41 წლის ქალი ნათია კანდელაკიშვილია, ბრალდებული ზურა ზურაშვილი კი მისი ყოფილი ქმარია. ადგილობრივები ყვებიან, რომ ქალი ქმარს რამდენიმე თვის წინ დაშორდა და მალევე მის მეგობართან თემურ ღვედაშვილთან გადავიდა საცხოვრებლად. სანადირო თოფით შეიარაღებული ზურაშვილი კი სოფელ ანაგაში თემურ ღვედაშვილს სახლში მიუვარდა, რამდენიმეწუთიანი შელაპარაკების შემდეგ, ბრალდებულმა ჯერ ღვედაშვილს ესროლა გულმკერდის არეში, ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა, ხოლო შემდეგ ყოფილი ცოლი დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.

ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ ბრალდებული და მოკლული მეგობდობდნენ, მათ ნათელმირონობაც აკავშირებდათ, თუმცა ურთოერთობა მას შემდეგ გართულდა, რაც გაირკვა, რომ მოკლულს, ზურაშვილის ყოფილ ცოლთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა. ამასთანავე ირკვევა, რომ მოკლული 50 წლის თემურ ღვედაშვილი ყოფილი პატიმარი იყო, ის თითქმის სამი წლის განმავლობაში იყო პატიმრობაში სხვა საქმეზე და ციხე რამდენიმე დღის წინ დატოვა, რის შემდეგაც მან და კანდელაკიშვილმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს.

"ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, მე როგორც ვიცი, გათავისუფლებამდე მუქარებს უთვლიდა ბრალდებულს, ოჯახის ახლობლები ვფიქრობთ, რომ ამან დაასწრო და მოკლა, მართალია ცოლ-ქმარი გაშორებულები იყვნენ, მაგრამ ყოფილ ქმარს შერიგება სურდა",- უყვებიან "ამბები.ჯი"-ს. ბრალდებულის ახლობლები.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ზ. დააკავეს. დანაშაულები 16 - დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სანადირო თოფიდან გასროლით, შურისძიების მოტივით, 1975 წელს დაბადებული თ.ღ. და 1984 წელს დაბადებული ნ.კ . დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა . მომხდარის შედეგად, თ.ღ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.კ. -ს კლინიკაში სამედიცინო დახმარება უტარდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.ზ. ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „კ" და „ლ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს",- აცხადებენ შსს-ში.

თემურ ღვედაშვილს ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, ის საკუთარ სახლში გადაასვენეს.მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი ამ დრომდე კლინიკაშია და მისი მდგომარეობა მძიმეა. დაკავებული კი დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

"შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება მეზობლებმა გამოიძახეს და მომხდარი პოლიციას შეატყობინეს. ზურაშვილი უკვე გაქცეული იყო. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 43 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. რა მიზეზით გაიმეტა მეგობარმა მეგობარი მოსაკლავად - მოტივზე „კურიერთან" დაკავებულის ოჯახის წევრმა ისაუბრა. ახლობლების ვერსიით, ზურაბ ზურაშვილს მოკლული მუდმივად ემუქრებოდა და მკვლელობის დღეს 43 წლის მამაკაცი მხოლოდ თავს იცავდა. ირკვევა ისიც, რომ თემურ ღვედაშვილი საპატიმროდან 3 დღის გამოსული იყო",- აღნიშნულია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×