
ბოლო სერიაში, ბატონი ფიშერი ხაზარაძის მდგმურის ნაცვლად, მისი იპოთეკარი აღმოჩნდება და ისევ ჩვენი დასაცავი გახდება - რა თქმა უნდა, ეს ნახევრად ხუმრობით. ისე კი, სინამდვილეში, ჩვენმა საზოგადოებამ თვითონ ხაზარაძისგანაც იცის და მას მოუწია აღიარება, რომ ფიშერი იყო მისი მდგმური, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მან გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ კონკრეტულ კითხვებზე გაცემულ პასუხებზე გააკეთა კომენტარი. იონათამიშვილის თქმით, ხაზარაძეს მოუწია იმის აღიარებაც, რომ გადასახადებს არ იხდიდა. საბოლოო ჯამში, გადასახადის გადახდაც კი მოუწია.
„ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც გერმანიის საგარეო უწყება, გერმანიაში ყველაზე პოპულარული და რეიტინგული პარტიის კითხვებზე მალავს ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები არ დაიმალება და ის მინიმუმ, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იყენებს საკუთარ თავს.
აქ გვიჩნდება ლოგიკური კითხვა, რამ უნდა აიძულოს გერმანიის საგარეო უწყება, რომ ასეთი არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე წავიდეს? - ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ ფაქტობრივად, ამ შემთხვევაში ბუნდესტაგის დონეზე მოუწევდა საგარეო უწყებას იმის აღიარება, რომ ელჩი ფიშერის თუ მდგმური ფიშერის შემთხვევაში, ის ნამდვილად არღვევდა ვენის კონვენციას. ეს ნამდვილად არის სკანდალი და ნამდვილად არის მიუღებელი და შეუფერებელი დიპლომატიური საქმიანობისთვის. როგორც ჩანს, ამას მოერიდნენ, თუმცა სიმართლე არ დაიკარგება.
ამ ყველაფრის გაქარწყლებას როგორც არ უნდა ეცადონ, ფაქტი ფაქტად დარჩება, რომ მდგმურიც იყო, გადასახადებსაც არ იხდიდა, საბოლოო ჯამში, მოუწია ამის აღიარება და გადასახადებიც გადაიხადა“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ უარყო, რომ პეტერ ფიშერს მამუკა ხაზარაძისგან ბინა ჰქონდა ნაქირავები, თუმცა თავად ხაზარაძემ ფაქტი დაადასტურა და ჯარიმაც გადაიხადა.