„იმაზეც კი მსჯელობდნენ, საქართველო გაფართოების ანგარიშიდან ამოეღოთ. ეს კატასტროფა იქნებოდა“ კახა გოგოლაშვილი
რეზონანსი
31.10.2025

საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება, სადაც იქნება დასკვნები და რეკომენდაციები. რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის შეფასებით, მსჯელობა მიდიოდა იმაზე, უნდა შესულიყო თუ არა საქართველო გაფართოების ანგარიშში. არ გამორიცხავს, რომ საბოლოოდ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დადგეს.

„საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლასთან შეჩერებაზე რეკომენდაცია იქნება თუ არა, ეს არის ჩვენთვის ყველაზე საინტერესო და მტკივნეული. სრულებით შესაძლებლია ანგარიშში ჩაიწეროს, რომ საქართველო აკმაყოფლებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მოთხოვნებს."

კომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს 2025 წლის გაფართოების პაკეტს წარუდგენს. ამ საკითხზე გაიმართება დებატები, რომელიც ფოკუსირებული იქნება კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე.

კომისიის მიერ ამ ქვეყნებში რეფორმების შეფასების შემდეგ, კომიტეტის მომხსენებლები შეიმუშავებენ რეზოლუციებს, თითოეული ქვეყნისთვის დასკვნებით და რეკომენდაციებით.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 4 ნოემბერს საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოების ანგარიში გამოქვეყნდება. „ის იქნება ძალიან გრძელი და არსებითი დოკუმენტი, წარმოდგენილი ევროკომისიის მიერ, სადაც დეტალურადაა აღწერილი, რა მოხდა საქართველოში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში და როგორ უკავშირდება ეს საქართველოს სწრაფვას, გახდეს ევროკავშირის წევრი. 4 ნოემბერი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, ამ დღეს ჩატარდება პრესკონფერენცია ბრიუსელში, რომელსაც გამართავს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი. ამავე დღეს, 4 ნოემბერს, მეც გავმართავ პრესკონფერენციას თბილისში იმისთვის, რათა გავცე დეტალურ კითხვებს პასუხი, რამდენად კარგად ან ცუდად მუშაობს საქართველო", - აღნიშნა ელჩმა.

კახა გოგოლაშვილის თქმით, თავად ისიც კი, რომ საქართველოზე ანგარიშში მომზადდა, არსებული რეალიების გათვალისწინებით, უკვე დადებითია.

„რამდენიმე თვის წინ ევროკომისიაში, და არა მარტო იქ, ევროკავშირის საგარეო მოქმედების სამსახურშიც ფიქრობდნენ იმაზე, შეიყვანონ თუ არა საქართველო გაფართობის ანგარიშში. იმაზეც კი მსჯელობდნენ, რომ საქართველო გაფართოების ანგარიშიდან ამოეღოთ. რა თქმა უნდა, ეს კატასტროფა იქნებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქართველო საერთოდ გაფართოების პროცესიდან იქნებოდა ამოგდებული. დადებითია ის, რომ მაინც გადაწყვიტეს, საქართველოზე გააკეთონ ანგარიში და იმ ქვეყნების სიაში, ჩვენც მოვხვდებით. თუმცა რა იქნება შიგნით ჩაწერილი ალბთ, ახლა ჩვენთვის კარგად ცნობილია. არაფერია ისეთი, რაც გასაკვირი იქნება. აქ მთავარი საკითხია, ანგარიშში რას ჩაწერენ უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე. ის, რომ ყველანაირი კრიტიკა იქნება, გასაგებია. თუმცაღა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რეკომენდაცია იქნება თუ არა რომ საქართველოს შეუჩერდეს, არის ჩვენთვის ყველაზე საინტერესო და მტკივნეული. სრულებით შესაძლებლია ანგარიშში ჩაიწეროს, რომ საქართველო აკმაყოფლებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მოთოხვნებს", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×