თამთა ჩაჩანიძე
31.10.2025

ნაცმოძრაობა „ლელოსთან" კვლავ დაპირისპირებაშია, ამის მთავარი მიზეზი მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა გახდა. მას შემდეგ, რაც „ოცნებამ" პარტიების აკრძალვის საკითხი დღის წესრიგში დააყენა და ენმ-დან წამოვიდა სარჩელის სიაში შესული პარტიათა ერთობის ინიციატივა, მთავარი საკითხი მაინც ისაა, მოხდება თუ არა საბოლოოდ ამ ორი პარტიის პოზიციების დაახლოება. თუმცაღა, ბოლო განცხადებების მიხედვით, დღეს ამის პერსპექტივა არ ჩანს.

თავად ნაცმოძრაობაში ამბობენ, რომ „ლელოსთან" ხვეწნას არ აპირებენ და რუსთაველის გამზირზე შეკრებილებთან სურთ შეთანხმება. თუმცაღა, რამდენიმე დღის წინ ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ენმ-ს დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის პლაკატების გაშლის გამო, „ფედერალისტების" ლიდერები გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი ნაცმოძრაობის მხარდამჭერებს დაუპირისპირდნენ და განუცხადეს, რომ 26 ოქტომბრის აქცია მათი ორგანიზებული იყო და სააკაშვილის ბანერები იქ არ უნდა ყოფილიყო, რის შემდეგაც ნაცმოძრაობამ განაცხადა, რომ რუსთაველზე პროტესტი არავისი საკუთრება არ არის.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ენმ-სთან „ლელოს" მორიგების პერსპექრტივას ვერ ხედავს, რადგან ორივე პარტიაში ყველას ლიდერობის ამბცია აქვს და ვერ რიგდებიან საკვანძო საკითხებზე.

„რადიკალური ნაცპარტიები, რომლებიც ზოგიერთი აიკრძალება და ზოგიერთს აქვს პოტენციური აკრძალვის შანსები, იმდენად დაუძლურებულნი არიან, რომ აღარ იციან, რა გააკეთონ იმისთვის, რომ პოლიტიკურ ველზე იტივტივონ. ამავე დროს, მათი რეიტინგები საკმაოდ დაცემულია, ეს არჩევნებმაც აჩვენა და საკუთარი კვლევებითაც იციან, ამიტომაც ახლა სასოწარკვეთილები ნებისმიერ ხერხს მიმართავენ, რომ მედიის ყურადღება როგორმე მიიპყრონ.

„რადიკალურ პარტიებს ალიანსი ყოველთვის ჰქონდათ, თუმცა ამას ფორმალურად ვერასდროს ახერხებდნენ, რადგან ყველა ამ მარგინალი პარტიის ლიდერებს ზე ამბიციები აქვთ საკუთარი განუმეორებლობის, ამიტომაც როდესაც ერთობაზე იყო ლაპარაკი, სრული კრახით მთავრდებოდა-ხოლმე, განსაკუთრებით არჩევნების წინ. საერთო სიებს ვერანაირად ვერ ადგენდნენ - ყველა საკუთარ კვოტებს მოითხოვდა. ერთობის მცდელობა სალომე ზურაბიშვილსაც ჰქონდა, თუმცა, მისი უავტორიტეტობის გამო ეს ვერც შედგა არა მხოლოდ მისი დაბალი გავლენების, არამედ მისი ხისტი და ჯიუტი ხასიათის გამოც.

„გამორიცხულია, რომ მათ რაღაც ერთობა შეძლონ, ისინი პოლიტიკურ ჰორიზონტზე ვერ იხედებიან. შეუძლებელია ერთი ლუზერი აეკიდოს მეორე ლუზერს და გამარჯვებაზე იფიქრონ, ამომრჩეველი ძლიერ, თანმიმდევრულ და ხარისხიან პარტიას ირჩევს. ისინი კიდევ უფრო გაკოტრდებიან, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო უდიდესი ალბათობით სამართლიან ვერდიქტს გამოიტანს. შემდეგ ეს გაცოფებული და კუთხეში მიმწყვდეული პოლიტიკოსები კიდევ უფრო გაშმაგებით დაერევიან ერთმანეთს.

„ამასობაში იკვეთება კონტურები, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ის ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდებიან, რომლებსაც ნაცრეჟიმთან არანაირი კავშირი არა აქვთ. შემდეგ ისინი უფრო მომძლავრდებიან. ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის ძალიან ზუსტი პოლიტიკური პროგნოზები აქვს და ეს მარჩიელობა არაა, უდიდესი ალბათობით 2028 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ალბათ კოალიციურ ხელისუფლებას მივიღებთ, სადაც სხვადასხვა პარტიები ქვეყნის განვითარებაზე იმსჯელებენ და მანდატების უდიდესი ნაწილის მომპოვებენ „ქართულ ოცნებას" კრიჭაში არ ჩაუდგებიან", - განაცხადა გია აბაშიძემ.

ენმ-ს წევრის ლევან სანიკიძის თქმით, „ლელო" არ არის იმ ფორმაში, რომ ის მკაცრი ტონით ვინმეს ესაუბროს.

„ლელოს" წარმომადგენლების მხრიდან ზღვარგადასული განცხადებები კეთდება რამდენიმე ჩვენი ლიდერის წინააღმდეგ, რამაც უკვე შეურაცხყოფის სახე მიიღო. თავის შეკავებას ვურჩევდი, არ არიან ისინი იმ ფორმაში, რომ ამ ტონით ისაუბრონ. ერთიან ფრონტზე საუბარი ამ ხალხთან უბრალოდ შეუძლებელია. გუშინ რომ შებრძანდნენ საკრებულოებში, ეს არის თუ არა დამატებითი პრობლემა? - რა თქმა უნდა. არავინ არაფერს არ დაივიწყებს, არავისგან არ ვითხოვთ ცოდვების აღიარებას, მაგრამ ვისთანაც შესაძლებელია მოვრიგდებით. ჩვენი სტრატეგია რაც იყო, ის იქნება - უკომპრომისო ბრძოლა ივანიშვილის ხელისუფლებასთან.

„რაც შეეხება „ლელოს" პოზიციას, რომ ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არჩევნებია, როდესაც ივანიშვილი არა თუ წესიერ არჩევნებს არ გიტარებს, არამედ გეუბნება, რომ 2028 წლამდე არჩევნები არ იქნება და როცა იქნება, მაშინ ბიულეტენზეც არ ეწერები, ეს მსჯელობა სასაცილო ხომ არ არის? „ნაციონალური მოძრაობა" არავისთვის ხვეწნა-მუდარას არ აპირებს, განსაკუთრებით კი „ლელოსათვის". ჩვენ კოლექტიურ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებთან გვინდა შეთანხმება საერთო წერტილებზე, რადგან რუსთაველის გამზირი მთავარი კერაა", - განაცხადა ლევან სანიკიძემ „პალიტრანიუსთან".

მისივე შეფასებით, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისთვის „ნაციონალური მოძრაობასთან" ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×