რეზონანსი
31.10.2025

ბათუმში აშენდება ბათუმური და თბილისში – თბილისური ქალაქი, გაკეთდება ქართული საქმე და მიმაჩნია,  რომ მსგავსი განცხადებები 21-ე საუკუნეში მიუღებელია – ამის შესახებ დღეს გამართულ  სხდომაზე  საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა მივესალმოთ უდიდესი დეველოპერული კომპანიის, EMAAR ჯგუფის საინვესტიციო პროექტს საქართველოში.

„შემიძლია მოგაწოდოთ რეიტინგული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული უსაფრთხო ქალაქების რეიტინგი, სადაც პირველ ადგილზე აბუ დაბია, მეორეზე  დოჰა და ა.შ.  სწორედ აზიური ქვეყნების ქალაქები  იკავებს პირველ ხუთეულს.  თუ პოლიტიკური ინტერესი და ქვეყანა არ გადარდებთ,  მოერიდეთ და თბილისელების და ბათუმელების ინტერესებს მაინც  ნუ აზიანებთ. არაჩვეულებრივი ინვესტიცია ხორციელდება თბილისსა და ბათუმში , რომელიც წარმოუდგენელ ეფექტს მოიტანს“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ

დღევანდელ გამოსვლაში  განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ ყურადღება გაამახვილა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე და აღნიშნა, რომ მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა ყოველდღიურად მატულობს.

„რვა წლის განმავლობაში კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ  უამრავ დეველოპერთან მქონდა ურთიერთობა,  მაინც არ მქონდა საშუალება ორივე მხარესთან გარიგება შემდგარიყო, ამის მიზეზი კი უმეტესწილად მოსახლეობა იყო.  მინდა მივმართო მათ, რომ მოთხოვნა ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაზე მზარდია და  მუნიციპალიტეტის მხრიდან ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ.  სახლების მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდება, ამ პროგრამით კი  მათი ქონების ფასი ორმაგდება,  საცხოვრებელი გარემო კი უსაფრთხო გახდება“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ

ბექა ოდიშარიამ თავის გამოსვლაში ახალგაზრდებს მიმართა  და  „ისწავლე და დასაქმდი“ პროგრამაზე ისაუბრა.

„მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ   პროფესიულ გადამზადებას დიდი უპირატესობა აქვს, რადგან მოთხოვნა პროფესიულ საქმიანობაზე დიდია.  ეს შესწავლილია მუნიციპალიტეტის და გუნდის მიერ. პროფესიული სასწავლებლის დახმარებით მიიღებ ცოდნას და დასაქმდები.  აღნიშნული პროგრამა მერიამ  10 ათას  ახალგაზრდაზე გამოყო, ხოლო 12 ათასმა მიმართა, რაც ძალიან სასიხარულოა. მინდა აღვნიშნო რომ  ამ პროგრამაზე მოთხოვნა 100 % გაიზარდა“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×