რეზონანსი
31.10.2025

საქართველო სომხეთში მგზავრთგადაყვანაზე კონტროლს ამკაცრებს. საუბარია კერძო მცირე ზომის მიკროავტობუსებზე, რომლებიც ერევანსა და თბილისს შორის მგზავრთგადაყვანას ახორციელებს - ამის შესახებ სომხური მედია იუწყება.

ადგილობრივ გამოცემა CivilNet-თან ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ პოლიციამ დაიწყო ჯარიმების დაკისრება იმ მძღოლების მიმართ, რომლებიც „არალეგალურ გადაზიდვებს“ ახორციელებენ. მედიის ინფორმაციით, თითოეულ მიკროავტობუსზე ჯარიმა დაახლოებით 1 700 დოლარის ფარგლებშია.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ბოლო ჯარიმები არ უკავშირდება საზღვრის ახალ შეზღუდვებს. მათივე ცნობით, შეზღუდვები მოქმედებს საქართველოში და ვრცელდება ადგილობრივად რეგისტრირებულ მძღოლებზე. თუმცა, გამოცემა წერს, რომ გაურკვეველია, როგორ განასხვავებს სახელმწიფო კომერციულ მომსახურებას იმ ტიპის მგზავრობისგან, როდესაც მეგობრები ან ოჯახის წევრები ერთად მიემგზავრებიან ერთი ქვეყნიდან მეორეში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სომხური დიასპორა დაახლოებით 200–400 ათასამდეა, ბოლო აღწერის მიხედვით კი სომხეთში დაახლოებით 200 ქართველი ცხოვრობს. მედია წერს, რომ მცირე ზომის მიკროავტობუსებით მგზავრობა ბევრი მოქალაქეებისთვის ორ ქვეყანას შორის გადაადგილებისთვის ერთადერთი იაფი გზაა. ერთი გზის საფასური საშუალოდ 8 დოლარია, მაშინ როცა ავიაბილეთები 100 დოლარიდან, ხოლო მატარებლის ბილეთები - 37 დოლარიდან იწყება.

CivilNet-ის ცნობით, მგზავრთგადაყვანისთვის ლიცენზიის მოპოვება „უკიდურესად ბიუროკრატიული“ პროცესია. მსგავს ლიცენზიას საქართველოში მგზავრების გადმოყვანაზე 2 კომპანია ფლობს.

ამასთანავე, გამოცემა აღნიშნავს, რომ გამკაცრებული კონტროლი დარტყმას აყენებს ორ ქვეყანას შორის მგზავრების გადაყვანის საკითხს. ინდუსტრიის წარმომადგენლები სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, საკითხის გადასაჭრელად ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებში ჩაერთოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×